CES 2022 დაიწყო: Sony-მ ორი ელექტრომობილი წარადგინა
CES 2022 დღეს დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ ღონისძიებას ტექნოლოგიური კომპანიები იდეალურად მომზადებულები შეხვდნენ.
საკმაოდ თამამი და ხმაურიანი გამოსვლა ჰქონდა SONY-ს. იაპონურმა გიგანტმა CES-ზე მათთვის უჩვეულო ტექნიკა, არც მეტი, არც ნაკლები — ორი ელექტრომობილი წარადგინა. ერთ-ერთი Vision-S EV იყო, რომელიც სონიმ გასულ წელს ფოტოებზხე გვანახა. მეორე ავტომობილი სონის ახალი კონცეპტ SUV — Vision-S 02 აღმოჩნდა.
თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიურპრიზი Sony Mobility-ს შექმნაა. ეს იქნება Sony-ს ახალი კომპანია, რომელიც ელექტრომობილებს გამოუშვებს და მათზე იქნება ფოკუსირებული. მაშინ, როცა მსოფლიო რამდენიმე წელი Apple-ის ელექტრომობილს ელოდა, Sony-მ მოულოდნელად ორი მუშა პროტოტიპი წარადგინა. ელექტრომობილები ტექნოლოგიურადაც სრულად აღიჭურვნენ. როგორც ჩანს, Sony-ს დიდი ამბიციები აქვს და ამისთვის სადემონსტრაციოდ ბევრიც უმუშავიათ.
Sony-მ YouTube-ზე რამდენიმე დემო ვიდეო დადო, რომელიც Vision S-ის უკეთ აღქმაში გვეხმარება. ეს ორ-ორ წუთიანი კონცეპტუალური ვიდეოებია, რომელიც გვიქმნის წარმოდგენას, თუ როგორი იქნება სონის მომავალი ავტომობილები და როგორია ზოგადად მათი ხედვა.
ჯერ უცნობია თუ როდის დაიწყებს სონი ელექტრომობილების წარმოებას, ან სულაც, მოხერხდება თუ არა ამ გეგმის რეალობაში მოყვანა.
"ჩვენ ვემზადებით Sony-ს ელექტრომობილების კომერციული გაშვებისთვის" — თქვა Sony-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კენჩირო იოშიდამ პრეზენტაციაზე
თავდაპირველად, როდესაც სონიმ Vision-S წარადგინა, კომპანიამ ყურადღება მათი სენსორების შესაძლებლობებზე გაამახვილა. Sony მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალურ კამერებს ამზადებს და როგორც ჩანს, სენსორები არც მანქანისთვის დაიშურეს.
კომენტარები