CES 2020: მოულოდნელად Sony-მ ელექტრომობილი Vision-S წარადგინა
ყველასთვის მოულოდნელად Sony-მ CES 2020-ზე ელექტრომობილი, სედანი Vision-S წარადგინა. ეს ელექტრომანქანის კონცეფციაა, რომლის მიზანიც იაპონური ტექნოლოგიური გიგანტის მრავალმხრივი შესაძლებლობების წარმოჩენაა.
ავტომობილი გარედან სტილით პორშეს ჰგავს, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ფარების მიდამოებშია. შიგნიდან კი, რა თქმა უნდა, უზარმაზარ ეკრანებს ვხვდებით.
Vision-S აღჭურვილია 33 სხვადასხვა სენსორით, რამდენიმე ფართოკუთხოვანი ეკრანით და 360-გრადუსიანი ხმის სისტემით. სედანი ელექტრომობილის ახალ ბაზაზეა დაფუძნებული, რომელიც, როგორც ირკვევა, ამ სფეროში მოღვაწე კომპანია Magna-ს მიერაა შექმნილი. Sony-ს თქმით, ამ ბაზაზე აიგება სხვა მოდელებიც, მაგალითად, SUV-ები.
სონიმ ელექტრომობილი პრეს-კონფერენციის დასრულებისას წარადგინა და მასზე მხოლოდ რამდენიმე წუთი ისაუბრა. შესაბამისად, მანქანის შესახებ უამრავი პასუხსგაუცემელი კითხვა არსებობს. უცნობია, გეგმავს Sony ელექტრომობილების ბაზარზე შემოსვლას, თუ ეს მოდელი უბრალოდ ამ პრეზენტაციისთვის ერთჯერადად შექმნილი კონცეფციაა.
"ეს პროტოტიპი წარმოადგენს ჩვენს მეირ გადადგმულ ნაბიჯს მომავლის ტრანსპორტისკენ", — განაცხადა Sony-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა კენიჩირო იოშიდამ.
კომენტარები