როგორ "ჭამენ" უჯრედები — ახალ ექსპერიმენტს პასუხი აქვს
ჟურნალ Developmental Cell-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა გვიჩვენებს, თუ როგორ იღუნება უჯრედის მემბრანა, რათა "პირი" შექმნას და მისი საშუალებით უჯრედმა მის ირგვლივ არსებული ნივთიერებები შთანთქას.
კომერტ კურალის, კვლევის მთავარი ავტორისა და ფიზიკის ასოცირებული პროფესორის თქმით, ისევე, როგორც ჩვენს სხეულშია ყველაფერი ჩვენს კვებით ჩვევებზე დამოკიდებული, უჯრედების ჯანმრთელობაზეც სწორედ ასევე აისახება, თუ როგორ "იკვებებიან" ისინი.
"მეცნიერებს აქამდე ამის მექანიზმი არ ესმოდათ", — განაცხადა მან.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უჯრედის უჯრედშორისი მექანიზმები მოღუნულ, კალათის მაგვარ სტრუქტურად ეწყობა, რომელიც თანდათანობით დახურულ გალიად იქცევა. კურალის თქმით, მემბრანის მოხრა მნიშვნელოვანია, რადგან იგი ჯიბეების ფორმირებას აკონტროლებს, რომელთაც უჯრედის შიგნით ნივთიერებები შეაქვს და გამოაქვს.
ჯიბეები უჯრედის ირგვლივ ნივთიერებებს ატყვევებს და უჯრედგარეთა ნივთიერებებს ქმნის, სანამ ვეზიკულებად გადაიქცევა. ვეზიკულა ძალიან პატარა პარკია და უჯრედში მისი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი რაღაცები (თუნდაც ცილები) შეაქვს, თუმცა შესაძლოა, მან უჯრედის მაინფიცირებელი პათოგენებიც შეატაროს.
აქამდე ითვლებოდა, რომ მემბრანები ბრტყელი იყო, ამიტომაც მათგან ჯიბეების წარმოქმნის საკითხი მეცნიერებს თითქმის 40 წლის განმავლობაში აფერხებდა.
"ჩვენ სუპერ გარჩევადობის ფლუორესცენტული გამოსახვა გამოვიყენეთ, რათა ცოცხალ უჯრედებში ამ ჯიბეების ჩამოყალიბება გვენახა. წინა კვლევებისგან განსხვავებით, უჯრედებს მომენტალური ფოტოების ნაცვლად მაღალი გარჩევადობის ვიდეოები გადავუღეთ, ექსპერიმენტებმა კი ცხადყო, რომ კარკასული ცილები ქვეშ არსებული მემბრანის დეფორმაციას მაშინვე იწყებს, როცა ვეზიკულის ფორმაციის ადგილებთან მიიზიდება", — თქვა კურალმა.
მეცნიერის თქმით, ეს წინა ჰიპოთეზასთან წინააღმდეგობაში მოდის, რომლის მიხედვითაც მემბრანის მოსახრელად კარკასულ ცილებს ინტენსიური ენერგიის რეორგანიზაცია უნდა გაევლოთ.
ცოცხალი ორგანიზმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ შთანთქავენ და აძევებენ უჯრედები ვეზიკულებს. პროცესი სისხლიდან საზიანო ქოლესტერინის გასუფთავებას უწყობს ხელს; ამასთანავე, იგი ნერვულ სიგნალებს გადასცემს. უნდა აღინიშნოს, რომ იგი არაერთი დაავადების მიმდინარეობისას ირღვევა, მათ შორის კიბოსა და ალცჰაიმერის დროს.
"მემბრანაზე მიბმული ვეზიკულების წარმოშობისა და დინამიკის გაგება მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა, ორგანიზმში მედიკამენტების შესაყვანად გამოვიყენოთ. შედეგები არა მხოლოდ სიცოცხლის საფუძვლების გაგების, არამედ უკეთესი სამკურნალო სტრატეგიების შექმნის კუთხითაც დაგვეხმარება", — განაცხადა კურალმა.
კომენტარები