ჯეიმს ვების ტელესკოპს საწვავი 10 წელზე მეტხნიანი ფუნქციონირებისთვის ეყოფა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეიმს ვების ტელესკოპს საკმარისი საწვავი აქვს იმისთვის, რომ 10 წელზე მეტხანს იფუნქციონიროს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორია კოსმოსში 25 დეკემბერს გაუშვეს. ეს იყო ისტორიული მომენტი, რომელსაც 14 წელი ველოდით. ამჟამად ასტრონომიული ხელსაწყო დედამიწისგან დაახლოებით 1.5 მილიონი კილომეტრის მოშორებით მდებარე ორბიტისკენ მიიწევს. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად კი მას თითქმის 1 თვე დასჭირდება.
მეცნიერთა პროგნოზით, ტელესკოპს 5-დან 10 წლამდე დროის შუალედში უნდა ემუშავა, თუმცა NASA-ს ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის ასტრონომიის სამსახურში ამაზე ბევრად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქნება.
ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჯეიმს ვებს ტრაექტორიის გასასწორებლად აუცილებელი მანევრების შესასრულებლად იმაზე ნაკლები საწვავი სჭირდება, ვიდრე ვარაუდობდნენ. ეს, გარკვეულწილად, რაკეტის Ariane 5 დამსახურებაა, რომელმაც მასში მოთავსებულ ძვირფას ტვირთს სწორი მიმართულება მისცა.
სწორედ ამგვარად გაუხანგრძლივდა ფუნქციონირება ჯეიმს ვების ტელესკოპის წინამორბედ ჰაბლსაც, რომელიც აგერ უკვე 30 წელია, მნიშვნელოვან მონაცემებს გვაწვდის. თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, პირველ მათგანთან მისვლას ასტრონომები ვერ შეძლებენ და ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, მას მხოლოდ დისტანციურად თუ გამოასწორებენ.
სპეციალისტები იმედოვნებენ და თითქმის დარწმუნებულებიც არიან, რომ ამგვარი რამ არ მოხდება. თუ ყველაფერი მართლაც გეგმის მიხედვით წარიმართება, ობსერვატორიისგან პირველ სურათებს 6 თვეში მივიღებთ.
კომენტარები