ძაღლები ამჩნევენ, როცა ფიზიკის კანონები ირღვევა — კვლევა
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ძაღლები ამჩნევენ, როცა ფიზიკის კანონები ირღვევა, რისი ამოკითხვაც მათ თვალებშია შესაძლებელი. ამის შესახებ ავტორები გამოცემაში Biology Letters გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
ზოგადად, გარემოსთან, რომელშიც ვცხოვრობთ, და იქ არსებულ ფიზიკურ მართლზომიერებასთან დაკავშირებით ყველას გვაქვს მოლოდინი. თუ რაიმე მოვლენა მას არ შეესაბამება, ვხვდებით, რომ რაღაც რიგზე ვერაა. ამ უნარის განვითარება ბავშვებში დაახლოებით 6 თვიდან იწყება. ასევე, შიმპანზეებში, რომლებიც ამ დროს მსგავს უჩვეულო სანახაობაში მონაწილე კონკრეტულ ობიექტს დიდხანს უმზერენ. ადამიანებში განიერდება თვალის გუგებიც, რაც გონებრივი ძალისხმევის შედეგია.
აღმოჩნდა, რომ გამონაკლისები არც ჩვენი ოთხფეხა მეგობრები არიან. სპეციალისტებმა ეს მათზე ჩატარებული ექსპერიმენტით დაასკვნეს, რომლის ფარგლებშიც 14 ზრდასრული ძაღლი გაწვრთნეს, რომ თავი ნიკაპის საყრდენზე მოეთავსებინათ. ცხოველების წინ კომპიუტერი და თვალებზე დასაკვირვებელი მოწყობილობა იდგა.
ეკრანზე სამგანზომილებიანი ბურთების ამსახველი ანიმაცია ჩანდა. ერთ ვიდეოში ისინი ფიზიკის კანონების შესაბამისად გადაადგილდებოდნენ, მეორეში კი მათ არღვევდნენ. მაგალითად, შუა გზაში ჩერდებოდნენ ან მოძრაობას მოულოდნელად, ბიძგის გარეშე იწყებდნენ.
ამგვარ ბურთებზე ძაღლები მზერას უფრო ხანგრძლივად აჩერებდნენ და გუგებიც უფართოვდებოდათ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ფიზიკა (თავისი რთული გამოთვლებით) ესმით, თუმცა ბუნებაში არსებულ კანონზომიერებას ხვდებიან, რასაც ინტუიციურად ახერხებენ.
კომენტარები