JPMorgan-ის პროგნოზით, 2022 წელს კორონავირუსის პანდემია დასრულდება და ეკონომიკა აღდგება
კორონავირუსის მიერ გამოწვეული ქაოსის შემდეგ, JPMorgan Chase 2022 წელს პოზიტიურად პროგნოზირებს. პროგნოზის მიხედვით, მომავალ წელს ჩვენი ცხოვრება ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიც საბოლოოდ დასრულდება.
"ჩვენი შეხედულებაა, რომ 2022 იქნება გლობალური აღდგენის, პანდემიის დასასრულისა და ნორმალურ პირობებში დაბრუნების წელი. ჩვენ დავბრუნდებით იმ რეალობაში, რაც Covid-19-ის გავრცელებამდე გვქონდა. ეს მოსახლეობის ფართო იმუნიტეტის გამომუშავებით და ახალი თერაპიული საშუალებების ხარჯზე მოხდება, რომლებიც ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი 2022 წელს", — ამბობს მარკო კოლანოვიჩი, JPMorgan-ის (JPM) გლობალური ბაზრების მთავარი სტრატეგი.
ამერიკის უმსხვილესი ბანკი იმედოვნებს, რომ სამედიცინო კუთხით პროგრესი გამოიწვევს ეკონომიკის მძლავრ აღდგენას, რაც აღინიშნება გლობალური მობილურობის დაბრუნებითა და მომხმარებელთა და ბიზნესის მხრიდან ძლიერი აქტივობით.
JPMorgan პროგნოზირებს საფონდო ბირჟის მუდმივ ზრდასაც, თუმცა შედარებით უფრო ნელი ტემპით.
"2021 წელს მთელს მსოფლიოში ეკონომიკამ დიდ პროგრესს მიაღწია, საუბარია აღდგენასა და ხელახალ გახსნაზე. თუმცა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რადგან აღდგენა იყო არათანაბარი, არასრული და ხშირად ფერხდებოდა ახალი შტამების გავრცელებითა და შიშით", — თქვა კოლანოვიჩმა.
მიუხედავად ოპტიმისტური პროგნოზებისა, JPMorgan-ში საფრთხეებზეც საუბრობენ.
"ვაქცინების, ბუნებრივი იმუნიტეტისა და შეზღუდვების მიუხედავად, Covid-19-ის "ადამიანური ზარალი" უფრო დიდი იყო წელს, ვიდრე გასულ წელს", — აღნიშნეს JPMorgan-ში.
JPMorgan-ის მიერ გამოვლენილი სხვა რისკები მოიცავს გეოპოლიტიკურ დაძაბულობას ევროპასა და აზიაში, მაღალი ინფლაციის ფაქტორს და "მოახლოებულ ენერგეტიკულ კრიზისს".
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები