ილონ მასკს სურს, ინფლუენსერი გახდეს
კომპანიების SpaceX და Tesla აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ამ მოვალეობებზე უარის თქმას განიხილავს, რათა თავი ინფლუენსერობაში გამოცადოს. მსგავსი შინაარსის მქონე პოსტი მან ტვიტერზე მიმდინარე წლის 10 დეკემბერს გამოაქვეყნა. ამის მიუხედავად, ექსცენტრიულობით გამორჩეული ბიზნესმენის განაცხადი, სავარაუდოდ, სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, რადგან მას მსგავსი "ხუმრობები" სჩვევია.
"ვფიქრობ, სამსახურებიდან წამოვიდე და სრული დატვირთვით ინფლუენსერი გავხდე. თქვენ რას იტყვით?", — წერს მასკი.
იმაზე, რომ სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერი სოციალური ქსელის მარკეტინგის გამო სამუშაოს მიტოვებას სინამდვილეში არ გეგმავს, ტვიტერის მომხმარებელთა კომენტარებზე მიწერილი სიცილის რამდენიმე ემოჯიც მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ მასკის იდეამ მის გამომწერებში მოწონება დაიმსახურა, რაც გასაკვირი არაა, თუ ინტერნეტსივრცეში ამ ბიზნესმენის აქტიურობას და პოპულარობას გავითვალისწინებთ.
შეგახსენებთ, რომ მასკმა ახლახან Tesla-ს აქციების ნაწილი გაყიდა. მან, ასევე, იანვარში განაცხადა, რომ უნდა, უფრო მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეს, რადგან მთელი კვირის განმავლობაში დღე და ღამე მუშაობს, რაც საკმაოდ დამღლელია.
როგორც თავად ამბობს, ის Tesla-ს სათავეში ყოფნას კიდევ რამდენიმე წელი აპირებს. შესაბამისად, ინფლუენსერის ამპლუაში მასკს, დიდი ალბათობით, ვერ ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
კომენტარები