ფოტორეპორტაჟი: ნახეთ, როგორ გამოიყურება თბილისი საახალწლოდ
10 დეკემბერს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ქუჩების განათებები საზეიმოდ აინთო. პარლამენტის წინ კონცერტი გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი და პრემიერმინისტრი ესწრებოდნენ.
რუსთაველის გამზირზე ასეულობით ადამიანი იყო შეკრებილი — ერთმანეთს საახალწლო განწყობას უზიარებდნენ და ბავშვებთან ერთად ნაძვის ხესთან ფოტოებს იღებდნენ.
ტრადიციულად ნაძვის ხის ინსტალაცია დაიდგა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლთან. ამჯერად ახალი სლოგანით — მეტი სიყვარული.
ნაძვის ხე დგას ფილარმონიასთანაც, რომელიც ერთ-ერთ კომპანიას აქვს განათებული. უკვე რამდენიმე წელია, რაც სხვადასხვა კომპანიები საახალწლოდ სკვერებს რთავენ.
განათებები აინთო ჭავჭავაძის გამზირზეც, სადაც შარშანდელის მსგავსად ციური სხეულებია ჩამოკიდებული.
სეირნობისას აუცილებლად შეამჩნევთ, რომ მორთულია სხვადასხვა მაღაზია და დაწესებულება.
შარშანდელი მორთულობებია საბურთალოზეც, მათ შორის, პეკინისა და კოსტავას გამზირებზე.
თუმცა როგორც კი ცენტრალურ უბნებს გაცდებით, დაგავიწყდებათ, რომ მალე ახალი წელი დგება, რადგან ქუჩების ნაწილი, ტრადიციულად, მორთული არ არის.
თუ თბილისის შესახებ საინტერესო ამბების გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში რა ხდება თბილისში.
კომენტარები