ჩინურმა როვერმა მთვარის "ბნელ მხარეს" კუბის ფორმის უჩვეულო ობიექტი შენიშნა
ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის შესასწავლად გაშვებულმა აპარატმა, სახელად Yutu-2, მთვარის ჰორიზონტზე უჩვეულო ობიექტი დააფიქსირა, რომელსაც კუბის ფორმა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, აპარატმა "იდუმალი ქოხი" (神秘小屋/shenmi xiaowu), როგორც მას შეარქვეს, მთვარის "ბნელ მხარეს", ანუ ციური სხეულის იმ ნახევარსფეროში შენიშნა, რომელიც დედამიწიდან არასდროს ჩანს. ფონ კარმანად წოდებულ კრატერში მყოფმა როვერმა დაახლოებით 80 მეტრის მოშორებით არსებული ობიექტი მიმდინარე წლის ნოემბერში გადაიღო, თუმცა სურათი საკმაოდ ბუნდოვანია, რაც მასზე აღბეჭდილი გამოსახულების დეტალურად გარჩევას აძნელებს.
აღნიშნული პრობლემის გამოსასწორებლად და მეცნიერთა ინტერესის დასაკმაყოფილებლად, Yutu-2 უკეთესი ხარისხის ფოტომასალის მოპოვებას შეეცდება, რასაც დედამიწის დროით 2-3 თვე დასჭირდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ აპარატი ღამით, რომელიც მთვარეზე 2 კვირას გრძელდება, ფუნქციონირებას წყვეტს. ეს ხდება მაშინაც, როცა ის მზის მცხუნვარების გამო გადახურების საფრთხის წინაშეა.
სპეციალისტთა აზრით, ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე შემჩნეული საიდუმლოებით მოცული ობიექტი, სავარაუდოდ, დიდი ზომის ლოდია, რომელმაც ამგვარი ფორმა სხვა ასტრონომიულ სხეულთან შეჯახების შედეგად მიიღო — იმავე მოვლენის დროს, რომელმაც ზემოხსენებული კრატერის ფორმირება განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ Yutu 2, ხომალდ Chang’e 4-თან ერთად, მთვარის ზედაპირზე 2019 წლის 3 იანვარს დაეშვა და მას შემდეგ ფონ კარმანს იკვლევს. ეს ჩინეთისთვის რიგით მე-4 მსგავსი მისია იყო.
კომენტარები