11 დეკემბერს დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი მოუახლოვდება — რა უნდა ვიცოდეთ
მიმდინარე წლის 11 დეკემბერს დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი მოუახლოვდება, თუმცა პანიკის საფუძველი არ გვაქვს — ის ჩვენს პლანეტას უსაფრთხო მანძილზე ჩაუვლის.
ეს გახლავთ ამერიკელი ასტრონომის, ელეანორ ჰელინის მიერ ჯერ კიდევ 1982 წელს აღმოჩენილი 4660 Nereus, რომლის დიამეტრიც 330 მეტრს შეადგენს. მას "პოტენციურად საშიში" ეწოდება, რადგან NASA-ს კრიტერიუმების მიხედვით, ასეთად მიიჩნევა 140 მეტრზე მეტი სიდიდის მქონე ყველა კოსმოსური ობიექტი, რომლის ორბიტაც დედამიწის ორბიტასთან 7.5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები მანძილით გადაიკვეთება. სწორედ ასე მოხდება აღნიშნული ასტეროიდის შემთხვევაშიც.
მომდევნო კვირაში 4660 Nereus ჩვენს პლანეტას 3.93 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუვლის. შედარებისთვის, ეს დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ დისტანციას დაახლოებით 10-ჯერ აღემატება. ასეთ ობიექტებს სპეციალისტები მუდმივად აკვირდებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ მოძრაობის ტრაექტორია არ შეიცვალეს.
ზემოხსენებული ასტეროიდი მზის სისტემას საკმაოდ ხშირად სტუმრობს. ვარსკვლავის გარშემო გადაადგილებას ის 1.82 წელს ანდომებს და თითქმის ყოველ 10 წელიწადში ერთხელ გვიახლოვდება. მომდევნო ჯერზე ის ყველაზე ახლოს 2060 წლის 14 თებერვალს მოვა, როცა მისგან მხოლოდ 1.2 მილიონი კილომეტრი დაგვაშორებს.
აღსანიშნავია, რომ 4660 Nereus იდეალური სამიზნეა კოსმოსური ხომალდებისთვისაც, თუმცა უახლოეს მომავალში ამ კონკრეტულ ასტეროიდზე მისიის განხორციელება არ იგეგმება. მისი მიმართულებით აპარატის გაშვებას განიხილავდა, როგორც NASA, ასევე იაპონიის კოსმოსური სააგენტო, მაგრამ საბოლოოდ მათ არჩევანი სხვა ობიექტებზე შეაჩერეს.
მსგავსი "ვიზიტორების" შესახებ მეტის გაგება NASA-ს ვებგვერდზე შეგიძლიათ.
კომენტარები