ასტრონომებმა ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ზემასიური შავი ხვრელების წყვილი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ზემასიური შავი ხვრელების წყვილი აღმოაჩინეს, რომლებსაც ერთმანეთისგანაც რეკორდულად მცირე მანძილი აშორებთ. მათი გამოკვლევა მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან ისინი შერწყმის პროცესის იმ ეტაპზე არიან, რომელიც აქამდე არ შეგვისწავლია.
ზეახალი ვარსკვლავების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი შავი ხვრელები სპეციალისტებს სულ რაღაც 1000 სინათლის წლის დისტანციაზეც დაუფიქსირებიათ, თუმცა ზემასიური ობიექტების პოპულაცია მათგან სიდიდით საგრძნობლად განსხვავდება. ისინი გალაქტიკების ცენტრში გვხვდებიან და მზეზე რამდენიმე მილიონჯერ ან მილიარდჯერ მასიურები არიან.
სწორედ ასეთია ახალაღმოჩენილი წყვილიც, რომელიც გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა 89 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში NGC 7727 შენიშნეს. შედარებისთვის, წინა "რეკორდსმენი" ბინარული სისტემა ჩვენგან 5-ჯერ უფრო შორსაა განლაგებული.
მსგავსი ზემასიური შავი ხვრელები ერთმანეთის გარშემო გადაადგილდებიან, რა დროსაც ენერგიას კარგავენ, ბოლოს კი ერთიანდებიან და უმძლავრეს გრავიტაციულ ტალღებს წარმოქმნიან. მათ უმეტესობას ასტრონომები გარემომცველი აირის ღრუბლის რენტგენული გამოსხივების მეშვეობით აგნებენ, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში მეცნიერებს ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.
სამაგიეროდ, მათ ინდიკატორად ვარსკვლავების მოძრაობაზე მიმანიშნებელი სპექტრული მონაცემები გამოიყენეს, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ კოსმოსში კიდევ მრავალი ამგვარი შავი ხვრელია, რომელსაც აირის გარეშეც დავაფიქსირებთ.
ზემოხსენებულ ობიექტებს შორის 1 600 სინათლის წელია. მათგან უდიდესის მასა მზისას 154 მილიონჯერ, კომპანიონისას კი 24-ჯერ აღემატება. მათი შერწყმა ათობით ან ასობით მილიონ წელშია მოსალოდნელი.
კომენტარები