რატომაა საშიში კორონავირუსის ახალი შტამი — ყველაფერი, რაც B.1.1.529-ზე ვიცით

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

სად დაფიქსირდა ახალი შტამი?

Reuters-ის ცნობით, 25 ნოემბერს სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ განაცხადეს. საკვლევ ლაბორატორიებზე დაყრდნობით, სავარაუდოდ, ვარიანტის სწრაფი გავრცელება ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ პროვინცია გაუტენგში შეინიშნება და შესაძლოა, იგი უკვე ქვეყნის 8 სხვა პროვინციაშიც იყოს მოდებული.

The Guardian-ის თანახმად, ნიმუში, რომელშიც ახალი შტამი აღმოჩნდა, ბოტსვანაში 11 ნოემბერს აიღეს. მუტაციათა ერთობლიობის გამო, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, იგი სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანში, ქრონიკული ინფექციისას წარმოიშვა (მაგალითად, HIV/Aids-ის მქონე პაციენტი, რომლისთვისაც არ უმკურნალიათ).

ასევე იხილეთ: როგორ ჩნდება კორონავირუსის ახალი შტამები და რა უნდა ვიცოდეთ მათზე.

როგორც სამხრეთაფრიკული ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტი (NICD) იუწყება, დღეს კოვიდ-19-ით ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღის შემთხვევებს თითქმის ორჯერ აღემატება. მართალია, შემთხვევათა ამგვარი მატება NICD-ს ახალი ვარიანტისათვის არ მიუწერია, თუმცა ადგილობრივი მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მატების მიზეზი სწორედ ეს იყოს.

სამხრეთ-აფრიკაში B.1.1.529-ის დაახლოებით 100 შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა შტამი ბოტსვანასა და ჰონგ-კონგშიც შენიშნეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, გაუტენგში ახალ შემთხვევათა 90 პროცენტს სწორედ ახალი, B.1.1.529 ვარიანტი შეადგენდეს. ახალი შტამის კიდევ ერთი შემთხვევა ხუთშაბათ საღამოს დაფიქსირდა ისრაელში და მალავიდან დაბრუნებულ პირს აღმოაჩნდა. ბელგიაში პარასკევს დადასტურდა ერთი შემთხვევაც ადამიანში, რომელმაც ეგვიპტიდან თურქეთში იმგზავრა.

სამხრეთ-აფრიკამ დღეისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გუნდს, რომელიც ვირუსის ევოლუციის შესწავლაზე მუშაობს, ახალი ვარიანტის განსახილველად სასწრაფო სხდომის გამართვა მოსთხოვა.

რა ზომები მიიღეს ქვეყნებმა?

BBC-ზე დაყრდნობით, გაერთიანებული სამეფოს წითელ ქვეყანათა სია ოქტომბერში სრულად დაცარიელდა, თუმცა ახლა შეზღუდვები კვლავ დაწესდა. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ამ დროისათვის ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სამხრეთ-აფრიკიდან, ნამიბიიდან, ზიმბაბვედან, ბოტსვანიდან, ლესოთოდანა და სვაზილენდიდან მომავალი მგზავრები გაერთიანებულ სამეფოში ვერ შევლენ, თუკი მისი ან ირლანდიის მოქალაქეები, ანდა გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლები არ არიან. ფრენები დროებითაა შეწყვეტილი პარასკევიდან კვირამდე, სანამ კარანტინისათვის საჭირო ღონისძიებები მომზადდება. ახალჩამოსულებს მოუწევთ, ხარჯები თავად დაფარონ და მთავრობის მიერ აპრობირებულ სასტუმროში 10 დღით იზოლირდნენ.

ყველა, ვინც კი ჩამოთვლილი ექვსი ქვეყნიდან გაერთიანებულ სამეფოში შეზღუდვების დაწესებამდე უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ჩავიდა, თვითიზოლაციაში 10 დღის განმავლობაში უნდა დარჩეს, კარანტინის მეორე და მე-8 დღეებზე კი PCR ტესტირება ჩაიტაროს.

ახალი წესები შოტლანდიაშიც შევა ძალაში, თუმცა კარანტინისათვის განკუთვნილი სასტუმროები ახალჩამოსულთა მისაღებად შაბათიდან იქნება მზად.

The Guardian-ზე დაყრდნობით, ისრაელი თავის მოქალაქეებს სამხრეთ-აფრიკაში გამგზავრებას აუკრძალავს, რეგიონიდან მომავალი უცხოელი მოგზაურებისათვის კი საზღვრები ჩაიკეტება.

რით განსხვავდება წინა შტამებისგან B.1.1.529 და რატომაა საშიში?

B.1.1.529-ად წოდებულ ახალ შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გამართულ სხდომაზე ომიკრონი შეარქვა.

BBC-ზე დაყრდნობით, ახალ ვარიანტს ყველაზე მეტი მუტაცია გააჩნია და, ტულიო დე ოლივიერას, სამხრეთ-აფრიკის ეპიდემიური ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იგი არსებული სხვა შტამებისაგან ძალიან განსხვავდება.

როგორც მან მედია ბრიფინგზე განაცხადა, შტამს ჯამში 50 მუტაცია გააჩნია, 30-ზე მეტი კი მისი წვეტის ცილასთანაა დაკავშირებული. ჩვენს ორგანიზმში შემოსაღწევად ვირუსი სწორედ ამ ცილას იყენებს, ვაქცინათა დიდი ნაწილი კი სწორედ მისთვისაა გამიზნული — ვაქცინები ორგანიზმს აწრთობს, რათა წვეტის ცილები ამოიცნოს, გაანეიტრალოს ისინი და ვირუსს ორგანიზმში შეღწევის საშუალება არ მისცეს.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად რეცეპტორ შემაკავშირებელ დომენს, ანუ ვირუსის იმ ნაწილს, რომელიც ჩვენს უჯრედებთან პირველ კონტაქტს ამყარებს, 10 მუტაცია გააჩნია, დელტა ვარიანტს კი მხოლოდ ორი ჰქონდა.

IFLScience-ის სტატიასა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის ვირუსოლოგ ტომ პიკოკის ტვიტებზე დაყრდნობით, წვეტის ცილას საკმაოდ საშინელი მუტაცია ახასიათებს:

"ეს ვარიანტი არა ერთ, არამედ ფურინის დაყოფის ადგილის ორ მუტაციას შეიცავს. ფურინი ჩვენს უჯრედებში არსებული ცილა-კატალიზატორია, რომელიც SARS-CoV-2-ის მიერ ტყუვდება, რაც ვირუსის წვეტის ცილაში არსებული ამინომჟავების უჯრედში შეჭრას ხდის შესაძლებელს. სწორედ ფურინის დაყოფის ადგილია კოვიდ-19-ის ერთ-ერთი ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის წყალობითაც იგი საოცრად გადამდებია. კორონავირუსის ახალ ვარიანტში ამ ადგილას ორი მუტაცია გვხვდება: P681H და N679K.".

მეცნიერი აცხადებს იმასაც, რომ მას ერთ შტამში ეს ორი მუტაცია ერთად არასოდეს უნახავს.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანში მრავალი მუტაცია ერთად განვითარდა. არსებობს გარკვეული მტკიცებულებაც იმისა, რომ ვირუსმა ადამიანის რნმ-ის ძალიან მოკლე ნაწილი აიღო და საკუთარ გენომში გადაწერა. პიკოკის აზრით, ეს ვირუსებისათვის არცთუ ისე იშვიათია, თუმცა საინტერესო მოვლენაა.

მუტაციათა სიმრავლისდა მიუხედავად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ავტომატურად კატასტროფას არ მოასწავებს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია შევისწავლოთ, თუ როგორ მოქმედებს ამგვარი ცვლილებები — ახალი შტამისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი მუტაცია სხვა შტამებში აქამდეც გვინახავს, ამიტომაც შესაძლებელია, ამის წყალობით ახალ ვარიანტში მისი როლის შესახებ მცირე ინფორმაცია მივიღოთ.

მაგალითად, მუტაცია, სახელად N501Y, როგორც ჩანს, კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. არსებობს ისეთებიც, რომლებიც ანტისხეულებს ვირუსის ამოცნობას ურთულებს და შეუძლია, ვაქცინები ნაკლებად ეფექტური გახადოს, თუმცა არსებობს სხვა, სრულებით ახალი მუტაციებიც.

"კარგი ამბავი ის არის, რომ ახალი ვარიანტის ამოცნობა საკმაოდ მარტივია — ამისათვის მხოლოდ PCR ტესტირებაც საკმარისია და მთლიანი გენომური ანალიზი სულაც არ არის საჭირო, ამიტომაც მისი დაფიქსირება საკმაოდ სწრაფად შეგვიძლია. ეს შტამის მეთვალყურეობაში შეგვიწყობს ხელს და ინფორმაციას გავრცელების შესახებაც მოგვაწვდის", — ახსნა სამხრეთ-აფრიკის ეპიდემიური ცენტრის ხელმძღვანელმა დე ოლივიერამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთი მაგალითი გვახსოვს, როდესაც ვარიანტები ფურცელზე საშიშად გამოიყურებოდა, თუმცა დიდი არაფერი აღმოჩნდა. BBC-ზე დაყრდნობით, წლის დასაწყისში ადამიანებს ყველაზე მეტად ბეტა ვარიანტი აღელვებდათ, ვინაიდან ამ შტამს ყველაზე უკეთ შეეძლო იმუნური სისტემისაგან თავის დაძვრენა, თუმცა საბოლოოდ უფრო სწრაფი გავრცელების უნარის მქონე დელტა ვარიანტმა მოიცვა მსოფლიო.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორ რავი გუპტას თქმით, ბეტა ვარიანტს მხოლოდ და მხოლოდ იმუნური სისტემისაგან თავის დაძვრენა გამოარჩევდა და მეტი არაფერი, დელტას ინფექციურობა და იმუნური სისტემისაგან თავის დაძვრენის მცირე უნარი ჰქონდა, ახალ ვარიანტს კი, სავარაუდოდ, ორივე მახასიათებელი მაღალ დონეზე აქვს განვითარებული.

სამხრეთ-აფრიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორის, რიჩარდ ლესელსის თქმით, არსებობს გარკვეული საფრთხე, რომ ვირუსი მეტად გავრცელდეს და იმუნურ სისტემასაც უკეთ დაუძვრეს ხელიდან.

ამგვარი დრამატული ცვლილების გამო საეჭვოა, წინა ინფიცირებისა თუ ვაქცინაციისაგან მიღებული ანტისხეულები რამდენად იქნება მისთვის შესაბამისი. მხოლოდ მუტაციათა სიაზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შეიძლება მან მეტად დააინფიციროს ან ხელახლა დააინფიციროს ადამიანები, რომელთაც იმუნიტეტი წინა ვარიანტების მიმართ გააჩნიათ.

უფრო ზუსტ სურათს სამეცნიერო კვლევები გვიჩვენებს, თუმცა ვირუსის რეალურ სამყაროში მონიტორინგის გზით პასუხებსაც უფრო სწრაფად მივიღებთ.

ექნება თუ არა ახალ შტამს განსხვავებული სიმპტომები?

The Guardian-სა და ზემოთ მოხმობილ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, ვლინდება თუ არა ვარიანტი განსხვავებული სიმპტომებითა თუ სიმძიმით, თუმცა სამხრეთაფრიკელი მეცნიერები ამას დაკვირვებით გააკონტროლებენ. ინფიცირების შემდეგ გარკვეული დროა საჭირო, რომ მძიმე ავადმყოფობა გამოვლინდეს, ამასთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემების მოპოვებას კი რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამ ეტაპზე, მეცნიერთა თქმით, არ არსებობს საფუძველი იმის საფიქრად, რომ ახალი შტამი უარესი ან თუნდაც შედარებით მსუბუქი იქნება.

იმუშავებს თუ არა არსებული ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ?

The Guardian-ზე დაყრდნობით, მეცნიერებში მუტაციათა სიმრავლის ფაქტი გარკვეულ აღელვებას იწვევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალი შტამის რამდენიმე მუტაციას იმუნური სისტემისაგან თავის დაღწევაც ახასიათებს.

BBC-ის ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი რადიკალურად განსხვავდება პირველად ვუხანში, ჩინეთში წარმოშობილი ვირუსისაგან. ეს იმის გარკვეულ საფრთხესაც მოიცავს, რომ შესაძლოა, პირველი შტამის გამოყენებით შექმნილი ვაქცინები ამ შემთხვევაში ისეთივე ეფექტური არ აღმოჩნდეს.

მეცნიერები არ ელიან, რომ ახალი შტამი არსებული ანტისხეულებისათვის სრულებით შეუმჩნეველი იქნება, თუმცა შესაძლოა, ახლანდელმა ვაქცინებმა ნაკლები დაცვა შემოგვთავაზოს.

ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა კვლევები სწრაფად მიმდინარეობს, რათა დაადგინონ, ანეიტრალებს თუ არა ანტისხეულები ახალ ვარიანტს. ვაქცინათა შემქმნელი გუნდები კი უკვე მუშაობენ, რომ ვაქცინები ახალი წვეტის ცილის შესაბამისად გააუმჯობესონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ახალი კვლევა ქათმისა და კვერცხის პარადოქსს ნათელს ჰფენს
  2. დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს — აი, რატომ
  3. არსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია
  4. ნახეთ მარსის 360°-იანი ხედი — NASA-ს მავალის ახალი კადრები წითელ პლანეტაზე გამოგზაურებთ
  5. აღმოაჩინეს სუპერდედამიწის ტიპის ეგზოპლანეტა, რომელიც ტყვიასავით მკვრივია

გირჩევთ