ცხელი, შავი ყინული — მეცნიერებმა წყლის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
რა ხდება, როცა წყალს ორ ბრილიანტს შორის აქცევთ და ლაზერით ათბობთ? თუ ამ შეკითხვაზე აქამდე არ გიფიქრიათ, არ ინრევიულოთ, პასუხი უკვე გვაქვს — ის გარდაიქმნება უცნაურ, ცხელ, შავ ყინულად.
ბოლო წლების განმავლობაში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ყინულის იმდენი ფორმა — სულ 18-ზე მეტი — რომ უკვე ძნელია ყოველი მათგანის დამახსოვრება. ახლა მათ წყლის კიდევ ერთი ახალი ფორმა აღმოაჩინეს, რომელსაც შეუძლია ახსნას, თუ როგორ წარმოიქმნება ყინულოვანი პლანეტები.
მას სუპერიონურ ყინულს უწოდებენ და ბოლო დრომდე მისი სრულად დაფიქსირება ვერ ხერხდებოდა. ჟურნალ Nature Physics-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერებმა ყინულის გიგანტებში, ურანისა და ნეპტუნის შიგნით მიმავალი პროცესების გამეორება შეძლეს. მათ ახალი ნივთიერების მისაღებად მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამოყენება დასჭირდათ.
აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი ყინული შედგება კრისტალებისგან, რომლებიც წარმოიქმნება წყალბადისა და ჟანგბადის ატომებით, რაც ქმნის წყალს. წყალბადის ატომები აკავშირებს ჟანგბადის ატომებს მყარ სტრუქტურაში. სუპერიონურ ყინულში კი პირიქით, წყალბადის ატომები ცურავს ჟანგბადის შიგნით. ეს ქმნის ყინულს, რომელსაც შეუძლია ელექტროენერგიის გატარება. ეს ყინული ჩვეულებრივ ყინულზე ნაკლებად მკვრივია და შავი ფერისაა.
ექსპერიმენტში მკვლევრებმა წყალი 6 093 გრადუს ცელსიუსზე გაათბეს. რადგან ეს მოხდა იმავე ტიპის მაღალი წნევის ქვეშ, რაც არსებობს მკვრივი პლანეტების შიგნით, წარმოიქმნა სუპერიონური ყინული ორთქლის აფეთქების ნაცვლად.
მეცნიერები ამბობენ, რომ სამყაროს წყლის დიდი ნაწილი არსებობს ამ ცხელი, სუპერიონური ფორმით და ისინი სწორედ ამიტომ ცდილობენ გაიგონ მისი თვისებები. წყლის ეს ახალი ფაზა უერთდება ბოლო დროს აღმოჩენილი ყინულის სახეობების გრძელ სიას, თუმცა, მეცნიერების თქმით ამ კუთხით მეტი კვლევაა საჭირო.
"ეს არის მატერიის ახალი მდგომარეობა, ამიტომ ის ძირითადად მოქმედებს როგორც ახალი ნივთიერება. შემდგომი შესწავლით შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს", — ამბობენ მკვლევრები.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები