ბილ გეიტსის კომპანია აშშ-ში $4-მილიარდიან ატომურ რეაქტორს ააშენებს
ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, TerraPower-მა ატომური რეაქტორის განთავსება ვაიომინგში, კემერერში გადაწყვიტა. კომპანიის აზრით, კემერერი მათი ახალი რეაქტორის Natrium-ისთვის იდეალური ადგილი იქნება. კომპანიის პრესრელიზიდან ვიგებთ, რომ ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით შეირჩა.
გასულ წელს, ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტმა (DOE) TerraPower-ს $80-მილიონიანი გრანტი გადასცა, რათა თავისი ტექნოლოგიის დემონსტრირება შეძლებოდა.
კომპანიამ ახალი, თანამედროვე რეაქტორი General Electric Hitachi-სთან ერთად შეიმუშავა და ის სოდიუმის გაგრილებაზე მყოფ სწრაფ რეაქტორს იყენებს, რომელიც მარილზე დაფუძნებულ გამლღვალი ენერგიის შემნახველ სისტემასთან ერთად მუშაობს.
რეაქტორის სადემონსტრაციო ჩვენება ვაიომინგში ივნისში მოეწყო, მას შემდეგ კომპანიამ ტერიტორია კიდევ უფრო კარგად შეისწავალა და საბოლოო ლოკაციაც დაამტკიცა. ამ ტერიტორიაზე ნახშირზე მომუშავე რეაქტორი უკვე დგას, თუმცა მისი ექსპლუატაციის ვადა 2025 წელს იწურება.
ტერიტორიის შერჩევისას მრავალი ფაქტორი იქნა გათვალისწინებული. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამერიკის ატომური მარეგულირებელი კომისიისგან (NRC) ლიცენზიის მიღება იყო.
TerraPower იმედოვნებს, რომ მშენებლობის დაწყების უფლებას NRC-სგან 2023 წლის განმავლობაში მოიპოვებს.
სადემონსტრაციო რეაქტორი 345 მეგავატიანი იქნება და მასზე დაკვირვებით დადგინდება საბოლოო დიზაინი, კონსტრუქციის ფორმა და TerraPower-ის სამუშაო გეგმა. Natrium-ის ტექნოლოგია იყენებს 20%-ით გამდიდრებულ ურანს. სხვა რეაქტორებთან შედარებით ეს გაცილებით მაღალი რიცხვია. Reuters-ის ინფორმაციით მსგავსი ტექნოლოგიის შემთხვევაში ბირთვული ნარჩენების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია.
ენერგიის შემნახველი სისტემა, რომელსაც რეაქტორი გამოიყენებს, მზად იქნება შემდგომი განვითარებისთვისაც. TerraPower გეგმავს, რომ რეაქტორი საბოლოოდ 500-მეგავატიანი გახდეს და ელექტროენერგიით 400 000 სახლის მომარაგება შეძლოს.
პროექტის განხსახორციელებლად TerraPower ARDP ფონდისგან 1.5 მილიარდ დოლარს მიიღებს, დამატებით ნახევარ მილიარდს ენერგეტიკის სამინისტრო გამოყოფს. საბოლოოდ, პროექტის ღირებულება $4 მილიარდი იქნება და დასრულების შემდეგ კერძო საკუთრებაში გადავა.
TerraPower-ის თქმით, მშენებლობის პროცესში ისინი 2 000 ადამიანს დაასაქმებენ, ეს პროცესი კი 7 წელი გაგრძელდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში მხოლოდ 250 ადამიანი იმუშავებს.
კომენტარები