მსოფლიოში პირველად, ყველაზე დღენაკლული, 21 კვირის ბავშვი დაიბადა — ბიჭი, რომელიც გადარჩა
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული ბიჭი 21 კვირისა და ერთი დღის ვადაზე გაჩნდა და მსოფლიოში ყველაზე დღენაკლულ ბავშვად ითვლება, რომელიც გადარჩა.
კურტის მინსი ბირმინგემში, ალაბამას შტატში გაჩნდა გასულ წელს, დაბადების მომენტში კი მხოლოდ და მხოლოდ 420 გრამს იწონიდა. როგორც გინესის მსოფლიო რეკორდებმა დაადასტურა, აწ უკვე 16 თვის კურტისმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
როგორც წესი, ორსულობის სრული ხანგრძლივობა 40 კვირას შეადგენს, კურტისი კი ვადაზე 19 კვირით ადრე დაიბადა. მისი დედა, მიშელ ბატლერი, საავადმყოფოში 2020 წლის 4 ივლსისს აღმოჩნდა, მისვლიდან მეორე დღეს კი ტყუპები გააჩინა, თუმცა კურტისის დედმამიშვილი მომდევნო დღესვე დაიღუპა.
ბავშვის გადარჩენის შანსი ძალიან მცირე, ერთ პროცენტზე ნაკლები იყო. საავადმყოფოს წარმომადგენელთა განცხადებით, ასეთ სიტუაციაში მშობლებს ნებას რთავენ, ჩვილი დაიჭირონ, მოეფერონ და დარჩენილი მცირე დრო მასთან ერთად გაატარონ.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კურტისი ინტენსიური თერაპიის საშუალებით გადარჩა. სამი თვის შემდეგ იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და აპრილში, საავადმყოფოში გატარებული 275 დღის შემდეგ, სახლში გაწერეს. ბავშვმა არ იცოდა, თუ როგორ უნდა ესუნთქა და ეჭამა, რაშიც მას თერაპევტები ეხმარებოდნენ.
"ყოველთვის მემახსოვრება მომენტი, როდესაც, როგორც იქნა, კურტისის სახლში წამოყვანა შევძელი და პატარა ძმით ბავშვები გავაოცე", — განაცხადა ქალბატონმა ბატლერმა, ბავშის დედამ.
კურტისს, რომელსაც სამი უფროსი დედმამიშვილი ჰყავს, დამატებითი ჟანგბადი და ხელოვნური კვებისათვის განკუთვნილი ზონდი კვლავ ესაჭიროება, თუმცა, ექიმების თქმით, იგი ჯანმრთელია.
"თითქმის 20 წელია, ამ საქმეზე ვმუშაობ, თუმცა არასოდეს მინახავს, ასეთი დღენაკლული ბავშვი მასავით ძლიერი ყოფილიყოს. კურტისში იყო რაღაც განსაკუთრებული", — განაცხადა დოქტორმა ბრაიან სიმსმა, ალაბამას უნივერსიტეტის ნეონატოლოგმა, რომელიც მშობიარობას ზედამხედველობდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წინა რეკორდსმენი ვისკონსინში დაბადებული ბიჭი, რიჩარდ ჰატჩინსონი გახლდათ, რომელიც 21 კვირისა და ორი დღის ვადაზე გაჩნდა კურტისამდე ზუსტად ერთი თვით ადრე. რიჩარდის წინა რეკორდი კი, რომელიც 34 წლის განმავლობაში არ დამსხვრეულა, 21 კვირასა და ხუთ დღეზე მოვლენილ ბიჭს ეკუთვნოდა კანადაში.
კომენტარები