NASA-ს განცხადებით, დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ცნობით, დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება, რომლის ზომაც ეიფელის კოშკისას აღემატება. ის ჩვენს პლანეტას მიმდინარე წლის დეკემბერში, უსაფრთხო მანძილზე ჩაუვლის. შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ გვაქვს.
NASA-ს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით, პოტენციურად საშიშად მიიჩნევა კოსმოსური ობიექტი, რომლის ორბიტაც დედამიწის ორბიტასთან 7.5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები მანძილით გადაიკვეთება. სწორედ ასეთია 330 მეტრი სიგანის მქონე ასტეროიდი, სახელად 4660 Nereus, რომელიც ამერიკელმა ასტრონომმა, ელეანორ ჰელინმა ჯერ კიდევ 1982 წელს აღმოაჩინა.
როგორც ცნობილია, ეს ასტრონომიული სხეული ჩვენს პლანეტას 11 დეკემბერს ჩაუვლის. ამ დროს ის ჩვენგან 3.8 მილიონი კილომეტრი მანძილით იქნება დაშორებული. მომდევნო დეკადების განმავლობაში, 4660 Nereus კიდევ 12-ჯერ გვეწვევა.
კვერცხის ფორმის ასტეროიდი დედამიწასთან ყველაზე ახლოს 2060 წელს მოვა, როცა ჩვენ შორის არსებული დისტანცია მხოლოდ 1.2 მილიონ კილომეტრს შეადგენს. შედარებისთვის, მთვარისგან 384 400 კილომეტრი გვაშორებს.
აღსანიშნავია, რომ 4660 Nereus იდეალური სამიზნეა კოსმოსური ხომალდებისთვისაც, თუმცა უახლოეს მომავალში ამ კონკრეტულ ასტეროიდზე მისიის განხორციელება არ იგეგმება. მისი მიმართულებით აპარატის გაშვებას განიხილავდა, როგორც NASA, ასევე იაპონიის კოსმოსური სააგენტო, მაგრამ საბოლოოდ მათ არჩევანი სხვა ობიექტებზე შეაჩერეს.
კომენტარები