აშშ-ში მცირეწლოვანთა ვაქცინაცია იწყება — Pfizer-მა 5-11 წლის ბავშვებში კოვიდვაქცინის გამოყენების ნებართვა მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) 5-11 წლის ასაკის ბავშვებში Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იმუნიზაციის საკითხებში სააგენტოს მრჩეველთა საბჭომ ამას მხარი ანონიმურად დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ მცირეწლოვანთა ვაქცინაციის პროგრამა 8 ნოემბერს გააქტიურდება, რასაც აშშ-ში მცხოვრები მრავალი მშობელი ელოდა. მათ სურთ, რომ თავიანთი შვილები ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, სასკოლო სწავლებას, სპორტულ აქტივობას თუ სხვა საქმიანობას რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ.
"პანდემიის დროს ძალიან ბევრმა პატარამ დაკარგა ერთი-ერთი მშობელი ან სრულად დაობლდა. როგორც ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი და დედა, რომელმაც უკვე ორივე შვილი აცრა, ბოლომდე მხარს ვუჭერ ამ ასაკობრივ ჯგუფში Pfizer-BioNTech-ის პრეპარატის გამოყენებას", — განაცხადა საბჭოს წევრმა, კამილ კოტონმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანიებმა ახლახან კლინიკური ცდის შედეგები გაასაჯაროეს. კვლევაში მონაწილეობა 2,268-მა ბავშვმა მიიღო, რომელთაც მედიკოსებმა ორგანიზმში ვაქცინის შედარებით მცირე დოზები შეუყვანეს, ვიდრე 12 წელს ზემოთ ასაკის ინდივიდებს. კერძოდ, მათ 21 დღის შუალედით 10 მიკროგრამი პრეპარატის შემცველი 2 ინიექცია გაუკეთეს. 1 თვეში ცდისპირებს კორონავირუსის მიმართ ისეთივე იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ, როგორც მათზე მოზრდილებს, რომლებიც საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდნენ.
კვლევის ფარგლებში მწვავე გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა. დაფიქსირდა მხოლოდ ისეთი სტანდარტული უკუჩვენებები, როგორიცაა ნანემსრის შესიება, ტკივილი ამ მიდამოსა და თავის არეში, მაღალი ტემპერატურა და ციება.
ასევე, იხილეთ: Pfizer-ის თქმით, მისი ბუსტერ დოზა COVID-19-ის წინააღმდეგ 96%-ით ეფექტიანია
საყურადღებოა, რომ ვირუსის დელტა შტამი უფრო მეტად სწორედ მცირეწლოვნებში ვრცელდება, ამიტომ ისინი Covid-19-ით დაავადების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამას ემატება სასწავლო პროცესის მიმდინარეობაც, რაც მათში ინფექციის გადადების შანსს ზრდის. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ხშირია მულტისისტემური ანთებითი სინდრომიც, რომელიც სერიოზულ გართულებად მიიჩნევა. ასევე, არცთუ ისე იშვიათად იქმნება მათი საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა. დაფიქსირებულია გარდაცვალების ათეულობით შემთხვევაც.
შესაბამისად, ბავშვების იმუნიზაცია ძალზე მნიშვნელოვანია. ახლახან ამის რეკომენდაცია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) გასცა. ხმის მიცემამდე კომისიამ ისეთ რისკებზეც იმსჯელა, როგორიცაა მიოკარდიტი და პერიკარდიტი. Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ამგვარი უკუჩვენებები საკმაოდ იშვიათია, თუმცა მაინც გასათვალისწინებელია. FDA-ს წარმომადგენლებმა მათ ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ ეს იმუნიზაციის სარგებელს ვერ გადაწონის, რაც მათ გადაწყვეტილებაზეც აისახა.
მათ მიერ შემოთავაზებული მოდელის თანახმად, 1000000 პატარის აცრა თავიდან აგვაცილებს ინფიცირების 58 000, ჰოსპიტალიზაციის 241, ინტენსიური თერაპიის საჭიროების 77 და გარდაცვალების 1 შემთხვევას.
კომენტარები