აშშ-ის ცაზე მწყობრიდან გამოსულმა რუსულმა სადაზვერვო სატელიტმა გაიელვა — ნახეთ ვიდეო
მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთ რეგიონის ცაზე მწყობრიდან გამოსულმა რუსულმა სადაზვერვო ხელოვნურმა თანამგზავრმა გაიელვა. შთამბეჭდავი სანახაობის გადაღება მრავალმა თვითმხილველმა შეძლო, რომლებმაც მომხდარის შესახებ ამერიკის მეტეორულ საზოგადოებას შეატყობინეს.
მათი აზრით, ისინი ასტრონომიული სხეულის ჩამოვარდნის მომსწრენი გახდნენ, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს Kosmos-2551-ის სახელით ცნობილი ზონდი იყო, რომელიც რუსეთმა ორბიტაზე 9 სექტემბერს გაუშვა. აპარატმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია და როგორც ვხედავთ, ისევ დედამიწაზე დაბრუნდა.
ცაზე გამოჩენილი სატელიტი ყველაზე კარგად მიჩიგანისა და ტენესის შტატებში, ასევე, მათ მახლობლად არსებულ არეალში მცხოვრებმა მოსახლეობამ იხილა. ასტრონომებმა მალევე გაარკვიეს, რომ ობიექტის ადგილმდებარეობა ზუსტად შეესაბამებოდა იმ წერტილს, სადაც ამ დროს Kosmos-2551-ს უნდა გაევლო.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ვხედავთ კაშკაშა ობიექტს, რომელიც თითქმის 1 წუთის განმავლობაში გადაადგილდება. მისგან განსხვავებით, მეტეორები შედარებით მცირე ზომისანი არიან, სწრაფად მოძრაობენ და ატმოსფეროში მალე იწვებიან, რასაც ვერ ვიტყვით რუსულ თანამგზავრზე, რადგან მისი შემადგენელი მატერიის დაშლას მეტი დრო სჭირდება.
სპეციალისტთა განცხადებით, 20 ოქტომბერს Kosmos-2551 ხმელეთისგან დაახლოებით 64 კილომეტრით იყო დაშორებული. აღსანიშნავია, რომ ცაზე მისი გაელვება "მეტეორთა წვიმის" პიკს დაემთხვა.
კომენტარები