მსოფლიოს მასშტაბით, ქიმიკოსები, მოსწავლეები თუ ქიმიის გულმხურვალე მოყვარულები 23 ოქტომბერს მოლის დღეს აღნიშნავენ. დღე დილის 6:02-დან საღამოს 6:02-მდე გრძელდება, ამით კი თარიღი 6:02 10/23 იქმნება, რომელიც ავოგადროს რიცხვს გამოსახავს.

ავოგადროს მუდმივა 6.02 * 1023-ის ტოლია და ნივთიერების ერთ მოლში არსებულ ნაწილაკთა (მოლეკულები, ატომები, იონები) რაოდენობას გვიჩვენებს. იგი მისი აღმომჩენის, ამადეო ავოგადროს სახელს ატარებს, მოლი კი მოლეკულებისა და ატომების რაოდენობის საზომი ერთეულია ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (SI).

ქიმიკოსთა დღესასწაული ავოგადროს კანონის, ამადეო ავოგადროს მიერ შემოთავაზებული ჰიპოთეზის უკვდავყოფას ემსახურება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი აირის ტოლი მოცულობები ერთნაირ წნევასა და ტემპერატურაზე მოლეკულათა ტოლ რიცხვს შეიცავს.

მოლსა და თხუნელას ერთი და იგივე ინგლისური სახელწოდება აქვთ (mole), ამიტომაც საზეიმო ბანერებზე ავოგადროს მუდმივასთან ერთად თხუნელასაც ხშირად შეხვდებით.

ფოტო: NITTY GRITTY SCIENCE

1980-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთმა საშუალო სკოლის მასწავლებელმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც მოლის დღის აღნიშვნის საჭიროებაზე მიდიოდა საუბარი. შემდგომში იგი სხვა მასწავლებელმა, ვისკონსინში მცხოვრებმა მაულის ოელერმა წაიკითხა, ჭკუაში დაუჯდა და 1991 წლის 15 მაისს ეროვნული მოლის დღის ორგანიზაცია დააარსა. იგი 1992 წელს დირექტორთა 9 წევრიანი საბჭოსგან შემდგარი არაკომერციული გაერთიანება გახდა.

მოლის დღის აღნიშვნის მიზანი სტუდენტებში ქიმიისადმი ინტერესის გაღვივება გახლავთ, რაც სწორედ ქიმიასა და მოლებთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობების საშუალებით ხორციელდება. 23 ოქტომბერს აქტიურად ზეიმობენ აშშ-ის, სამხრეთ აფრიკის, კანადისა და ავსტრალიის სკოლებში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.