აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი სოციალური მედიის პლატფორმის შექმნა დააანონსა. მას TRUTH Social ერქმევა და მომხმარებელთათვის მომავალი წლის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი.

2021 წლის იანვარში, ტრამპის ანგარიში Facebook-მა და Twitter-მა დაბლოკა. მიზეზი აშშ-ში არჩევნებისშემდგომი არეულობა იყო. ტრამპი სოციალურ ქსელებში მის მხარდამჭერებს აქტიურად მოუწოდებდა დაუმორჩილებლობისკენ, ტექ გიგანტების მიზანი კი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხელშეწყობა იყო იმ პირობებში, როცა კაპიტოლიუმზე ტრამპის მხარდამჭერებმა იერიში მიიტანეს.

ტრამპი აღნიშნული "ცენზურის" გამო ტექ გიგანტებს უჩიოდა, ახლა კი ამბობს, რომ მათ კონკურენცია უნდა გაუწიოს.

"აღელვებული ვარ, რადგან ძალიან მალე შევძლებ ჩემი აზრები TRUTH social-ზე გავაზიარო და ვიბრძოლო ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ", — თქვა ტრამპმა განცხადებაში.

ტრამპის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, პლატფორმაზე მოხვედრას მომხმარებლები სხვების მოწვევის მიღების შემდეგ შეძლებენ, TRUTH Social-ის ბეტა ვერსია კი ნოემბერში ჩაეშვება. როგორც უკვე ვთქვით, ფართო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ის მომავალი წლის დასაწყისიდან გახდება.

TRUTH Social იქნება ტრამპის ახალი წამოწყების Trump Media & Technology Group-ის პროდუქტი, რომელიც Digital World Acquisition Corp-თან გარიგების გზით შეიქმნა. ეს ჯგუფი მალე საჯარო კომპანიად მოგვევლინება.

ტრამპი ტვიტერზე სოციალური ვებგვერდის ბმულსაც აზიარებს, რომელიც მომხმარებლებს აპლიკაციის წინასწარი შეკვეთის შესაძლებლობას აძლევს App Store-ზე. Apple-ის აპლიკაციების მაღაზიაში კი უკვე შესაძლებელია სოციალური ქსელის პირველადი ინტერფეისის ამსახველი სქრინების დათვალიერება. დასახელება Truth Social კი, როგორც ჩანს, Trump Group Corp-მა, 2021 წლის ივლისში შეიძინა.

ფოტო: Apple App Store

"ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც თალიბანს აქვს დიდი წარმომადგენლობა ტვიტერზე, მაგრამ თქვენი ფავორიტი ამერიკის პრეზიდენტი დაადუმეს. ეს მიუღებელია", — აღნიშნავს ტრამპი განცხადებაში.