ეკატერინე ბერიშვილი დიაბეტიან პაციენტებში ინოვაციური მკურნალობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ქართველი მეცნიერი ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი დიაბეტის მკურნალობის ეფექტური მეთოდის შემუშავებაზე ინფორმაციას ავრცელებს. ეკატერინე ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჟენევის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერია. ინოვაციური კლინიკური კვლევის ერთი ნაწილი სწორედ ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის უჯრედული თერაპიის ცენრში ჩატარტდება და ქართველი მეცნიერი ამ კვლევის თანამონაწილეა.
ასევე: "მინდოდა სიკვდილს შევჭიდებოდი" — ეკატერინე ბერიშვილის ბრძოლა მეცნიერების სახელით
ეკატერინეს თქმით, "ცოტა ხნის წინ დაიწყო ღეროვანი უჯრედებისაგან მიღებული ინსულინმაპროდუცირებელი უჯრედების კლინიკური გამოცდა, დიაბეტიან პაციენტებში. უჯრედებს ნერგავენ ღვიძლში, კარის ვენიდან. პროცედურა ტარდება რენტგენოლოგიური კონტროლის ქვეშ, არ საჭიროებს განაკვეთს და არის არაინვაზიური. უფრო სწორად, ეს არის უჯრედების კლასტერი, ანუ სამგანზომილებიანი სფეროიდი, პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულის იდენტური ასლი".
ახლახანს კი, გამოქვეყნდა პირველი პაციენტის 3 თვიანი დაკვირვების შედეგები, რომლებიც საკმაოდ იმედისმომცემია. ეკატერინე ხაზს უსვამს, რომ "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არანაირი გართულებები პროცედურას არ მოჰყოლია ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მეთოდი უსაფრთხოა. გადანერგვის შემდეგ პაციენტმა შეამცირა ინსულინის მოხმარება 91%-ით. საგრძნობლად გაუმჯობესდა გლიკემიური კონტროლი რაც გამოიხატა გლიკოზირებული ჰემოგლობინის შემცირებით და ბოლოს მთავარი, შესაძლებელი გახდა C-პეპტიდის დეტექცია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ გადანერგილი უჯრედები აწარმოებენ ინსულინს".
ეკატერინე ჟენევის უნივერსიტეტზე და კვლევაში მის როლზე გვესაუბრა:
"ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის უჯრედული თერაპიის ცენტრში პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვის კლინიკურ პროგრამა უკვე წლებია ფუნქციონირებს. ჩვენი ცენტრი, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ არის აღიარებული. ჩვენ, არა მხოლოდ შვეიცარიას, არამედ საფრანგეთის კლინიკებსაც ვემსახურებით. წელიწადში 100 იზოლაციას და დაახლოებით 50 გადანერგვას ვასრულებთ. სულ ახლახანს ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ავტორიზაცია მისცა პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული ინსულინმაპროდუცირებელი უჯრედების კლინიკურ გამოცდას. კვლევა მულტიცენტრულია, მას კომპანია ვერტექსი აფინანსებს. ამ კვლევის ერთი ნაწილი ჩვენს ცენტრში ჩატარდება", — გვითხრა ეკატერინემ.
აღსანიშნავია, რომ ვერტექსი არის კომპანია, რომელმაც ეს მეთოდი იყიდა 950 მილიონ დოლარად. ამ მეთოდის ავტორი პროფესორი დუგლას მელტონია, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.
ასევე: ეკატერინე ბერიშვილიმა და კოლეგებმა შეიმუშავეს ინოვაციური მეთოდი დიაბეტთან საბრძოლველად
ეკატერინემ აღნიშნა, რომ კლინიკური კვლევა მულტიცენტრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად მიმდინარეობს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.
ეკატერინეს განცახდებას უცვლელად გთავაზობთ:
კომენტარები