NASA-მ "ტროელი" ასტეროიდების შესასწავლად კოსმოსური ზონდი გაუშვა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) პლანეტა იუპიტერის ორბიტაზე მოძრავი "ტროელი" ასტეროიდების შესასწავლად კოსმოსური ზონდი გაუშვა, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია.
Lucy-ს სახელით ცნობილი, 1.5 ტონა წონის მქონე აპარატი დედამიწიდან რაკეტამ Atlas V გაიყვანა. ის ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოდრომიდან მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:34 საათზე აფრინდა.
981 მილიონი აშშ დოლარი ღირებულების მისიის ფარგლებში გაგზავნილი ზონდი 8 სხვადასხვა ასტეროიდს ეწვევა. 1 მათგანი ასტეროიდთა სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი 7 "ტროელი" კი მზის გარშემო იმავე ორბიტაზე მოძრაობს, რომელზეც აირის გიგანტად წოდებული იუპიტერი. ისინი იმ პირველადი მატერიის ნარჩენებად მიიჩნევიან, რომელმაც ჩვენი მზის სიტემის გარე პლანეტები შექმნა.
"ეს მისია ადამიანის წინაპრის ნამარხის სახელს ატარებს. იმ ჰომინიდის, რომლის ჩონჩხმაც ჩვენი ევოლუციის შესახებ უნიკალური ინფორმაცია მოგვაწოდა. მის მსგავსად, ეს ზონდი პლანეტების წარმომავლობასა და მზის სისტემის ფორმირებაზე ჩვენს ხელთ არსებულ ცოდნას გააღრმავებს", — ვკითხულობთ NASA-ს განცხადებაში.
აპარატი პირველ ასტეროიდამდე 2025 წლის აპრილში მიაღწევს, დასაჩქარებლად კი დედამიწის გრავიტაციას გამოიყენებს. Lucy-ს წყალობით, P, D da C ტიპის ასტეროიდებს გამოვიკვლევთ. სწორედ ამ სახის ობიექტები შეადგენენ სარტყლის ძირითად გარეთა ნაწილს.
კომენტარები