ჩვენი მზის სისტემა გვირაბის მსგავსი სტრუქტურითაა გარშემორტყმული — კვლევა
კანადაში მდებარე ტორონტოს უნივერსიტეტთან არსებულ დანლეპის სახელობის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, ჩვენი მზის სისტემა შესაძლოა, მაგნიტური გვირაბით იყოს გარშემორტყმული. მისი დანახვის საშუალება იქიდან მომავალი რადიოტალღების მეშვეობით გვეძლევა.
გამოცემაში Astrophysical Journal გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები 2 კაშკაშა სტრუქტურას იკვლევდნენ, რომლებიც ცაზე ერთმანეთის საპირისპირო მხარეს არიან განლაგებულნი. ადრე მათ ცალკეულ წარმონაქმნებად მიიჩნევდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ასე არაა. სინამდვილეში, ისინი დაკავშირებულები არიან "ძაფებით", რომლებიც ჩვენი მზის სისტემის ირგვლივ ერთგვარ გვირაბს ქმნიან. სპეციალისტთა თქმით, ეს უკანასკნელი ყველგან გამოჩნდებოდა, სადაც არ უნდა გაგვეხედა, რადიო გამოსხივების დანახვა რომ შეგვეძლოს.
აღნიშნული სტრუქტურები გახლავთ "ჩრდილოეთ პოლარული შვერილი" და "მარაოსებრი რეგიონი", რომელთა შესახებაც მეცნიერებისთვის 1960-იანი წლებიდანაა ცნობილი. ისინი დამუხტული ნაწილაკებისგან და მაგნიტური ველისგან შედგებიან, გრძელი თოკების ფორმა აქვთ და ჩვენგან 350 სინათლის წელი აშორებთ. მათი სიგრძე კი დაახლოებით 1000 სინათლის წელს აღწევს.
ასტრონომებმა კომპიუტერული მოდელი შექმნეს იმის გასაგებად, თუ როგორ გამოჩნდებოდა დედამიწიდან "ჩრდილოეთ პოლარული შვერილისა" და "მარაოსებრი რეგიონის" რადიო გამოსხივება. მკვლევრებმა ამ სტრუქტურათა შემაერთებელი "ძაფების" ფორმა და ადგილმდებარეობა განსაზღვრეს. შედეგად, გვირაბის მსგავსი გამოსახულება მიიღეს, რომელიც სხვა მონაცემებთან შესაბამისობაში იყო.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში მის შესახებ მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მაგნიტური ველები დამოუკიდებლად არ არსებობენ, არამედ ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. შესაბამისად, მათთვის საინტერესოა, როგორ უკავშირდება ზემოხსენებული მაგნიტური ველი გალაქტიკისას, მზისას ან დედამიწისას.
კომენტარები