Star Trek-ში კაპიტან ჯეიმს კირკის როლის შემსრულებელი კოსმოსში გაფრინდა — ნახეთ ვიდეო
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის კომპანიის Blue Origin მიერ შექმნილი რაკეტით New Shepard კოსმოსში კანადელი მსახიობი, უილიამ შეტნერი გაფრინდა. მან სახელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მედია-ფრანშიზა Star Trek-ის ერთ-ერთი პერსონაჟის, კაპიტან ჯეიმს კირკის როლის შესრულებით გაითქვა.
90 წლის მსახიობი ახლა მსოფლიოში ყველაზე ხნიერი ადამიანია, რომელიც კოსმოსშია ნამყოფი. მასთან ერთად კაფსულაში ეკიპაჟის კიდევ 3 წევრი იმყოფებოდა. მათ შორისაა Blue Origin-ის მისიებისა და ფრენებთან დაკავშირებული ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი, ოდრი ფავერსი, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის ფრანგული კომპანიის Dassault Systèmes ხელმძღვანელის მოადგილე, გლენ დე ვრაისი და კომპანიის Planet თანადამფუძნებელი, კრის ბოსჰაუზენი.
New Shepard-ის გაშვება ადგილობრივი დროით 9:30 საათზე იგეგმებოდა, თუმცა ის აშშ-ის ტექსასის ქალაქ ვან ჰორნში მდებარე კოსმოდრომიდან ცაში მოგვიანებით, 10:50 საათზე აიჭრა. დაახლოებით 2 წუთ-ნახევარში ეკიპაჟის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ უწონადობა განეცადათ, რის შემდეგაც მალევე კაფსულას რაკეტის პირველი საფეხური გამოეყო და ხმელეთზე დაეშვა.
აპარატმა, რომლის ბორტზეც "კაპიტანი კირკი" გახლდათ, გზა დამოუკიდებლად განაგრძო, 3 წუთსა და 30 წამში კი მაქსიმალურ სიმაღლეს, 106.68 კილომეტრს მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ მან კარმანის ხაზი გადაკვეთა, რომელიც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსა და კოსმოსის მიჯნად მიიჩნევა.
10-წუთიანი მგზავრობის შემდეგ, შეტნერი და მისი თანმხლები ადამიანები დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ხომალდიდან გადმოსულმა მსახიობმა ცრემლებიც ვერ შეიკავა.
"შენი წყალობით, მივიღე გამოცდილება, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ამ ყველაფერმა ემოციებით ამავსო. ეს შესანიშნავი იყო. იმედი მაქვს, რომ ამ განცდას დიდხანს შევინარჩუნებ, რადგან მისი დაკარგვა არ მსურს", — უთხრა უკან დაბრუნებულმა რეკორდსმენმა ჯეფ ბეზოსს.
კომენტარები