ჰიმალაურ სოკოში არსებულ ქიმიურ ნაერთს კიბოს განადგურების უნარი შესწევს — კვლევა
დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებმა ფარმაცევტულ კომპანია NuCana-სთან თანამშრომლობით სიმსივნის საწინააღმდეგო, ახალი სახის ქიმიოთერაპია შეიმუშავეს. მათ მიერ შექმნილი პრეპარატის, სახელად NUC-7738 მთავარი კომპონენტი ჰიმალაური სოკოდან გამოცალკევებული ქიმიური ნაერთია, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ კიბოს უჯრედები სხვა მსგავს საშუალებებზე 40-ჯერ ეფექტიანად გაანადგუროს.
ეს ნაერთი გახლავთ კორდიცეპინი, იგივე 3'-დეოქსიადენოზინი, რომელიც ნუკლეოზიდის ბუნებრივი ანალოგია. მას სპეციალისტებმა პარაზიტული სოკოს სახეობაში მიაკვლიეს, რომელსაც Ophiocordyceps sinensis ეწოდება და ჩინეთის მაღალმთიან რეგიონშია გავრცელებული. მას მეორენაირად მუხლუხოსებრ სოკოდაც მოიხსენიებენ, რადგან ის პეპლის ლარვას კლავს, სხეულს აშრობს და იქიდან იზრდება.
ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ის დიდი ხანია გამოიყენება. ახლა კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას სიმსივნის განადგურების უნარიც შესწევს. ასევე, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტი გამოარჩევს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პარაზიტად აქცევს.
ამის მიუხედავად, Ophiocordyceps sinensis-დან გამოყოფილ კორდიცეპინს "ნაკლოვანებებიც" აქვს. კერძოდ, ის სისხლში საკმაოდ მოკლე დროში იშლება, რასაც ფერმენტი ადენოზინ დეამინაზი განაპირობებს. შედეგად, ის პლაზმაში მხოლოდ 1.6 წუთის განმავლობაში ნარჩუნდება, ამიტომ უჯრედები მას ძნელად შთანთქავენ, ხოლო ნაერთს სიმსივნეზე შეტევა უჭირს.
აქედან გამომდინარე, გამოცემაში Clinical Cancer Research გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებს მასში ცვლილებების შეტანა მოუწიათ, რათა კორდიცეპინს უჯრედებში პირდაპირ, მემბრანული ცილების დახმარების გარეშე შეეღწია და მალე არ დაშლილიყო. ამან თავისთავად გაზარდა მისი სიმსივნესთან ბრძოლის უნარიც.
მსგავსი მოდიფიკაციის წყალობით, პრეპარატი თავისი მახასიათებლებით სხვებზე 40-ჯერ ძლიერია. ადამიანებზე ჩატარებულ კლინიკურ ცდაში მან დადებითი შედეგი აჩვენა, მომავალში კი უფრო ღრმა კვლევები იგეგმება.
კომენტარები