მეცნიერებმა კრეტაზე აღმოჩენილი უძველესი ჰომინიდის ნაკვალევი 6 მილიონი წლით დაათარიღეს
გერმანიაში მდებარე ტიუბინგენის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულ კუნძულ კრეტაზე არსებული ჰომინიდის ფეხის ნაკვალევი დაათარიღეს. მათი განცხადებით, ის 6.05 მილიონი წლის წინანდელია, რაც მას მსოფლიოში უძველესად აქცევს.
აღნიშნული ნაკვალევი სპეციალისტებმა კუნძულ კრეტას დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლების, ტრაქილოსის მახლობლად, სანაპიროს გაქვავებულ დანალექ ქანზე აღმოაჩინეს. მისმა შესწავლამ ცხადყო, რომ ეს ადამიანის მსგავსი ფეხების სიარულისთვის გამოყენების ყველაზე ადრეული მაგალითია.
ეს ნიმუში ტანზანიაში ნაპოვნ, Australopithecus afarensis-ის სახეობის წარმომადგენლის კუთვნილ ნაფეხურებზე დაახლოებით 2.5 მილიონი წლით ძველია. ის, ასევე, ხნიერებით უტოლდება Orrorin tugenensis-ის სახეობის ჰომინიდის ნამარხს, რომელიც კენიაშია მიკვლეული.
გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა თქმით, ამ არსებას ვიწრო ქუსლი და დიდი ფეხის გული ჰქონდა, რომლის გაყოლებაზეც ძლიერი ცერა თითი და შედარებით მცირე ზომის გვერდითა თითები იყო ჩამწკრივებული. მისი ტერფი Australopithecus-ისას სიგრძით ჩამოუვარდებოდა, თაღი ჯერ არ გახლათ გამოკვეთილი.
პალეონტოლოგებს წინა საუკუნეში საბერძნეთში Graecopithecus freybergi-ად წოდებული ჰომინიდის ქვედა ყბის ძვალიც აქვთ აღმოჩენილი, რომელიც 7.2 მილიონი წლით თარიღდება. ამის მიუხედავად, მკვლევრებს უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენადაა მასთან დაკავშირებული ის ინდივიდი, რომელმაც კუნძულ კრეტაზე დატოვა კვალი.
ასევე, იხილეთ: ადამიანის ფეხის უძველესი ნაკვალევი ჩრდილოეთ ამერიკაში — ახალი აღმოჩენა ისტორიას თავდაყირა აყენებს
ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ 6 მილიონი წლის წინ ახლო აღმოსავლეთი და ევროპა აღმოსავლეთ აფრიკისგან საჰარის უდაბნოს მცირე მონაკვეთით იყო გამოყოფილი. კუნძულ კრეტას სანაპიროს დანალექი ქანების გეოქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ უდაბნოდან ქვიშა იქ ქარმა ჩაიტანა.
არ გამორიცხავენ, რომ ჰომინიდების გეოგრაფიულ განაწილებასა და ტერიტორიის გაუდაბურებას შორის იმაზე ღრმა კავშირი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა. შესაძლოა, ამას ევროპაში მობინადრე ძუძუმწოვრების და მათ შორის ადამიანის მსგავსი მაიმუნების აფრიკაში ჩასვლა გამოეწვია. მეორე მხრივ, სავარაუდოა ისიც, რომ კონტინენტების შუაში უდაბნოს მოქცევას Orrorin tugenensis-ისა და ევროპელი ჰომინიდების პარალელური განვითარება განეპირობებინა.
ასევე, იხილეთ: უძველესი ადამიანის კვალზე — საქართველოში 1.8 მილიონი წლის კიდევ ერთი ძეგლი აღმოაჩინეს
კომენტარები