ილონ მასკის კომპანია Tesla საკუთარი ლუდის გამოშვებას გეგმავს
სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის თქმით, კომპანია Tesla, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თავად გახლავთ, საკუთარი ლუდის გამოშვებას გეგმავს. ეს ინფორმაცია მან ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებლის ახალი ქარხნის მიმდებარედ გამართულ ღონისძიებაზე გაასაჯაროა. ეს უკანასკნელი გერმანიის მუნიციპალიტეტში, გრუნჰაიდეში შენდება და გიგა ბერლინის სახელითაა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ მასკი პროდუქტის გაპოპულარულების მსგავსი ტაქტიკით აქამდეც გამოირჩეოდა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამით საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა. კერძოდ, მან მომხმარებელს ალკოჰოლური სასმელი წარუდგინა, რომლის ბოთლის დიზაინიც Tesla-ს ელექტროპიკაპს, Cybertruck-ს მოგვაგონებს. მას სწორედ ამ მანქანისნაირი, მკაფიოდ გამოკვეთილი კუთხეები აქვს, მუქი ფერისაა და GigaBier, ანუ "გიგალუდი" ჰქვია.
GigaBier კომპანიის ბერლინის გიგაქარხნის სამომავლო პროექტებიდან და პროდუქტებიდან ერთ-ერთია.
"ჩვენ ქარხნის ტერიტორიაზე მეტროსადგურის აშენებას ვგეგმავთ. ასევე, მთელ ამ მიდამოს, ნაგებობის კედლებსა და მის გარეთა სივრცესაც გრაფიტით გავაფორმებთ. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგი გამოვა. ზოგიერთ მიზანს უკვე მივაღწიეთ. მალე საკუთარი ლუდიც კი გვექნება", — განაცხადა ილონ მასკმა.
ამის მიუხედავად, მედიის შეფასებით, მასკის ეს ნაბიჯი საკმაოდ უჩვეულოა. მათ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის ალკოლურ სასმელთან გაიგივება არც ისე კარგ იდეად მიაჩნიათ.
უნდა ითქვას, რომ ეს Tesla-სთვის პირველი მსგავსი პრეცედენტი არაა. მან გასულ წელს საფირმო ტეკილაც გამოუშვა, რომლის ბოთლსაც ელვის ფორმა ჰქონდა. არ გამორიცხავენ, რომ ახალმა ლუდმა წინამორბედის ბედი გაიზიაროს და შეზღუდული რაოდენობით გამოვიდეს.
კომენტარები