Windows 11-ის გადმოწერა უკვე ოფიციალურად შეგიძლიათ. გუშინ Facebook გაითიშა და მას თან მიჰყვა ინსტაგრამიც, შესაბამისად გუშინ ტექ. სამყაროში მომხდარი ამბები ჩვენ ყურამდე არ მოსულა.

Microsoft Windows 11-ით აღჭურვილი მოწყობილობები დღეს, 5 ოქტომბერს გამოჩნდება ბაზრებზე. თუმცა, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ Windows 11 გადმოსაწერად 1 დღით ადრე დაედო. ის ხელმისაწვდომი პირველად ახალ ზელანდიაში გახდა. თუ თქვენ სულ ახლახანს შეიძინეთ Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერი, მაშინ Windows 11-ზე გადასვლას მალევე შეძლებთ

Windows 11-ზე განახლებას მომხმარებლები ნელ-ნელა შეძლებენ. ის ყველასთან თანდათანობით გამოჩნდება. Microsoft-ის თქმით, Windows 10-ზე მომუშავე ის მოწყობილობები, რომლებიც მინიმალურ სისტემურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ განახლებას ნელ-ნელა მიიღებენ. განახლება პირველ რიგში უახლესი ჰარდვეარის მქონე მოწყობილობებზე მივა. ტექნოლოგიური გიგანტი აცხადებს, რომ Windows 11-ის მიწოდება ყველა თავსებად მოწყობილობაზე 2022 წლის შუამდე გაგრძელდება.

Windows 11-ის განახლების შემოწმება Windows Update სექციაში შეგიძლიათ. თუ თქვენ ლოდინი არ გსურთ, მაშინ შეგიძლიათ Microsoft-ის ახალ Installation Assistant გამოიყენოთ.

Windows 11 განახლებულ სამომხმარებლო ინტერფეისს, ახალი დიზაინის მქონე Start მენიუს, ძირეულად შეცვლილ Microsoft Store-ს, ვიჯეტებსა და კიდევ ბევრ სიახლეს მიიღებს.