30 წელში ჩინეთის მოსახლეობა, შესაძლოა, განახევრდეს — კვლევა
ახალ კვლევას თუ დავუჯერებთ, სულ რაღაც 30 წელში ჩინეთის მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდება.
როგორც South China Morning Post იუწყება, ჩინეთის მთავრობისთვის ბოლო დროს კიდევ უფრო შემაშფოთებელი გახდა მოსახლეობის დაბერება და შობადობის შემცირება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახალი მონაცემები შობადობის კიდევ უფრო მკვეთრ შემცირებაზე მიანიშნებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სიანის ფინანსებისა და ეკონომიკის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქვეყნის დემოგრაფიული მონაცემებიდან და ზოგადად მოსახლეობაში მეტი შვილის ყოლის სურვილის არ ქონიდან გამომდინარე, ჩინეთის პოპულაცია შესაძლოა 2050 წლისთვის განახევრდეს.
ეს საგანგაშო პროგნოზია, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ჩინეთის, როგორც ზესახელმწიფოს სტატუსზე — თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, კვლევა გარკვეულ სპეკულაციებსაც მოიცავს.
იმისთვის, რომ წყვილები უფრო დიდი ოჯახის შექმნისთვის წაეხალისებინა, ჩინეთმა ახლახან თავიანთი ორი შვილის პოლიტიკა სამი შვილით შეცვალა. მაგრამ, ახალი კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ მთავარი დაბრკოლება, რის გამოც წყვილები დიდი ოჯახის შექმნისგან იკავებენ თავს, ეკონომიკური პრობლემები და სოციალური მხარდაჭერის სისტემების ნაკლებობაა.
"ხალხი შვილების ყოლას მზარდი ეკონომიკური წნეხის გამო ვერ ბედავს", — წერენ მკვლევრები მოხსენებაში. "ასევე არსებობს დეფიციტი ორსულობისა და მასზე ზრუნვის მხარდასაჭერ მომსახურებებში".
ჩინეთის მთავრობა ასევე შეეცადა, უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა საცხოვრებელი პირობები და განათლება, მაგრამ, მკვლევრების თქმით, მიღებულ ზომებს მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია.
ამავდროულად, ახალი მონაცემების მიხედვით — რომლებიც, SCMP-ის თქმით, ახალი მეთოდოლოგიისა და ჯვარედინი შედარების პრაქტიკის წყალობით ისტორიაში ყველაზე ზუსტია — ბავშვები ახლა ჩინეთის მოსახლეობის 17%-ს შეადგენენ, 60-წელს გადაცილებულნი კი — 18%-ს.
მკვლევრების თქმით ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც უფრო მაღალმა ასაკობრივმა ჯგუფმა ახალგაზრდების ჯგუფს რაოდენობით გაუსწრო, რაც შობადობის შემცირების შედეგად მოხდა, ყველა არსებული მონაცემის მიხედვით კი ეს მაჩვენებელი კლებას განაგრძობს.
კომენტარები