კვლევისას სმარტფონის სენსორების გამოყენებით კანაფის მოხმარება ამოიცნეს — როგორ
მეცნიერებმა გამოკვეთეს, რომ სმარტფონის სენსორების გამოყენებით შეიძლება განისაზღვროს, არის თუ არა ადამიანი კანაფის ზემოქმედების ქვეშ. მიდგომა მფლობელის სმარტფონიდან მიღებულ მონაცემებს იყენებს და აფასებს, მოიხმარა თუ არა ადამიანმა მარიხუანა.
კვლევა ჟურნალ Drug and Alcohol Dependence-ში გამოქვეყნდა. იგი პიტსბურგში, პენსილვანიაში ჩატარდა და 57 ზრდასრული ადამიანი მოიცვა, რომელთა ასაკიც 18-25 წლამდე მერყეობდა. მონაწილეები გუნდს თავად აწვდიდნენ კანაფის მოხმარებაზე ინფორმაციას კვირაში მინიმუმ ორჯერ, მეცნიერები კი მათი მობილურებიდან მიღებულ მონაცემებს იყენებდნენ და ამოწმებდნენ, თუ რამდენად საკმარისია ეს ნივთიერების მოხმარების დროის დასადგენად.
აქსელერომეტრისა — ტელეფონში მოთავსებული მოძრაობის სენსორი — და GPS-ის მონაცემები ნარკოტიკული თრობის ამოცნობაში მნიშვნელოვანი ელემენტები აღმოჩნდა. მხოლოდ დროის დეტალების გამოყენებით, როგორებიცაა კვირის დღე ან დღის რომელიმე მონაკვეთი, კვლევის ფარგლებში კანაფის გამოყენების 451 ეპიზოდიდან 60 პროცენტი სწორად ამოიცნეს. მას შემდეგ, რაც ანალიზში დროის ელემენტებთან ერთად სმარტფონის სენსორისგან მიღებული მონაცემებიც გააერთიანეს, სიზუსტემ 90 პროცენტს მიაღწია.
"ადამიანის ტელეფონის სენსორების გამოყენებით, შესაძლოა ამოვიცნოთ, როდის შეიძლება იყოს იგი კანაფით ინტოქსიკაციის ქვეშ და სწრაფად ჩავერიოთ. შეიძლება, იმ მომენტში ეს კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს", — განაცხადა ავტორმა და პროფესორმა ტამი ჩანგმა.
მიდგომა მკვლევართა ჰიპოთეზას ამტკიცებს და გვთავაზობს, რომ პრინციპში შეიძლება ტელეფონის სენსორის იმგვარად გამოყენება, რომ ნარკოტიკით ინტოქსიკაციაც ამოიცნონ და დროული ჩარევაც მოხერხდეს. ეს ჭკვიანი ტექნოლოგია შესაძლოა, ცოტა მაბეზღარაც კი იყოს, თუ ნებას მისცემთ თქვენი ადგილმდებარეობა და აქტივობები დააფიქსიროს. როგორც ჩანს, იგი საკმაოდ მგრძნობიარეცაა, რომ უჩვეულო ქცევა განსაზღვროს.
სმარტფონები მსგავსი მიდგომისას აქამდეც გამოუყენებიათ, თუმცა იგი ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდებოდა. ტესტი ლაბორატორიაში ჩატარდა და არა მეტად ბუნებრივ გარემოში, აქსელერომეტრი კი დაახლოებით 90 პროცენტიანი სიზუსტით საზღვრავდა, თუ როდის ჰქონდა ადამიანს აშშ-ის ლეგალურ ლიმიტზე მეტი ალკოჰოლი მიღებული.
შეერთებულ შტატებში, ფედერალური კანონის ფარგლებში, კანაფის მოხმარება არალეგალურია, მაგრამ სამედიცინო მიზნებით მისი გამოყენება 36 შტატსა და დედაქალაქ ვაშინგტონში იქნა ლეგალიზებული. მისი რეკრეაციული გამოყენება 18 შტატში, ასევე ვაშინგტონში, გუამში და ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზეა ნებადართული.
კომენტარები