ნახეთ: ნანობოტს ზარმაცი სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად გადაჰყავს
სპერმატოზოიდს ერთი შეხედვით მარტივი დავალება აქვს — ერთადერთი, რისი გაკეთებაც უწევს, კვერცხუჯრედამდე მიცურვა და მასში გენეტიკური მასალის შეყვანაა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ჯანმრთელ სპერმაში ცურვის უუნარობამ, შესაძლოა, უნაყოფობა გამოიწვიოს. ეს პრობლემა მსოფლიოში კაცების 7%-ს აწუხებს.
მდგომარეობას ასთენოზოოსპერმია ეწოდება და ამჟამად მისი განკურნება შეუძლებელია. თუმცა, 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Nano Letters-ში გამოქვეყნდა, იმის მაგალითი აჩვენა, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მომავალში ამ მდგომარეობის მკურნალობის მეთოდი: მკვლევართა გუნდმა ინტეგრაციული ნანომეცნიერებების ინსტიტუტიდან IFW დრეზდენში პატარა მოწყობილობები შექმნეს, რომლებიც სპერმას უკეთ ცურვაში ეხმარებიან მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი კვერცხუჯრედისკენ მიემართება — შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთგვარი ტაქსის ფუნქციას ასრულებენ.
ეს ეგრეთწოდებული "სპერმბოტები" პატარა მიკროძრავისგან — ლითონის სპირალური ნაჭრისგან შედგებიან, რომელიც სპერმის კუდზეა შემოხვეული. ძრავა სპერმის ნავიგაციას მაგნიტური ველის საშუალებით ახდენს, რაც მას კვერცხუჯრედამდე ადვილად მიღწევაში ეხმარება. როდესაც განაყოფიერების მიზნით სპერმა კვერცხუჯრედთან შედის კონტაქტში, ძრავა შორდება მას და მაგნიტური ველი არც ერთ უჯრედს არ აყენებს ზიანს. ეს მკვლევრების აზრით სპერმბოტს იდეალურს ხდის ცოცხალ ქსოვილზე გამოყენებისთვის.
ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს ძრავებმა წარმატებით შეძლეს ჯანმრთელი სპერმის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე, მასზე მინიმალური ზიანის მიყენებით. ექსპერიმენტის ხილვა ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში შეგიძლიათ.
ეს პროცედურა, დამხმარე რეპროდუქციის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც თითოეულ ცდაზე ათასობით დოლარი ჯდება, შედარებით იაფია. თუმცა, ამ ნანოტექნოლოგიის გამოყენებით ადამიანებზე ექსპერიმენტები ჯერჯერობით არ ჩაუტარებიათ. მეტიც, მკვლევრები არ არიან დარწმუნებულნი, თუ როგორი რეაქცია ექნება ქალის იმუნურ სისტემას მის სხეულში მიკროძრავის შეყვანაზე, ასევე პატარა ძრავები შესაძლოა პერიოდულად სპერმის კუდზე გაიჭედოს და სპერმა არ გამოათავისუფლოს. თუმცა, კვლევა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს უნაყოფობასთან საბრძოლო ტექნოლოგიები მაშინ, როდესაც საჭირო ცოდნა და ინფორმაცია გვექნება დაგროვებული.
კომენტარები