ესპანეთში ვულკანის ამოფრქვევა მძაფრდება — აღმოჩენილია ამოფრქვევის ახალი კერები
მას შემდეგ, რაც ესპანეთში ვულკანი ლა პალმა ამოიფრქვა, ლავისა და ფერფლის ნაკადი კვლავაც არ წყდება, რის შედეგადაც ადგილობრივი აეროპორტი დაიხურა, ასობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. პარასკევის მონაცემებით, უკვე თითქმის 6 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
მთავრობა დაზიანებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე მუშაობს, რადგან მკვლევრებმა ზუსტად არ იციან, როდის შეწყდება ლავისა და ფერფლის ნაკადი.
კანარის კუნძულების მთავრობაში პარასკევს განაცხადეს, რომ 257 ახალაშენებული სახლი შეისყიდეს, რომელთაც დაზარალებულ ოჯახებსა და უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს შესთავაზებენ.
შაბათს "ნაცრის დაგროვების" შედეგად ლა პალმის აეროპორტი დაიკეტა, მანამდე კი რამდენიმე ფრენა გადაიდო პარასკევს შუადღით. ინფორმაცია ესპანეთის აეროპორტის ოპერატორმა AENA-მ გაავრცელა ტვიტერზე:
მიგელ ანგელ მორკუენდე, PEVOLCA-ს (კრიტიკულ ვითარებაში სამოქმედო გეგმა, რომელსაც კანარის კუნძულებზე ვულკანური ამოფრქვევისას იყენებენ) ტექნიკური დირექტორი, აცხადებს, რომ წინასწარ არ იცის, როდის მიაღწევს ლავის ნაკადი ზღვას. PEVOLCA ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის გამაფრთხილებელ სისტემას იმუშავებს.
"ლავის ძველი ნაკადი თითქმის უმოძრაოდ დგას — ალბათ, საათში 20 სანტიმეტრით გადაადგილდება — ამოფრქვევის ადგილიდან 3 100 მეტრში, ზღვის სანაპიროდან კი 2 100 მეტრის დაშორებით", — განუცხადა მორკუენდემ ადგილობრივ რეპორტიორებს.
Involcan-ის სამეცნიერო კოორდინატორმა ნემესიო პერეზმა ესპანურ მედიასაშუალებასთან საუბრისას გვაუწყა, რომ ვულკანზე ამოფრქვევის ახალი კერები აღმოაჩინეს. ამან შესაძლოა, ლავისა და ნაცრის ნაკადთა გაფართოება გამოიწვიოს.
პერეზმა ასევე დაადასტურა, რომ ვულკანი ახალ, "ფეთქებად" მოქმედებას აღწევს, რამაც შესაძლოა, მეტი სახლი გაანადგუროს და დამატებითი ევაკუაციის საჭიროებაც შექმნას.
"ვულკანის სამეთვალყურეო გაზომვები აფეთქების დასაწყისშივე დაიწყო, აქამდე ყველაზე მაღალი ენერგიის მქონე აქტივობა კი პარასკევს შუადღით აღირიცხა", — განაცხადა პერეზმა.
აღსანიშნავია, რომ ლა პალმას უკანასკნელი ამოფრქვევა 50 წლის წინ სამ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა.
კომენტარები