Google-მა ხუთშაბათს Android-ის ძირითადი აპლიკაციების მნიშვნელოვანი განახლებები დააანონსა, რომლებიც უსაფრთხოებას, პროდუქტიულობასა და მსგავს საკითხებს ეხება. ეს განახლებები აქამდე ექსკლუზიურად Google Pixel სმარტფონებზე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ტექნოლოგიური გიგანტი ნელ-ნელა მათ სხვა მწარმოებლების ანდროიდ სმარტფონებზეც გაუშვებს.

Google TV

Google ჩვენს სმარტფონებს ტელევიზორის პულტებად აქცევს. ამისათვის თქვენ Android TV დაგჭირდებათ და სმარტფონის მეშვეობით შეძლებთ აარჩიოთ ფილმი, შეიყვანოთ პაროლები ან უბრალოდ იუთუბის საძიებო ველში არა ტელევიზორის პულტით არამედ სმარტფონის კლავიატურით წეროთ, ეს კი ცხოვრებას ძალიან გაგიმარტივებთ. ახალი ფუნქციები Apple TV-ის დისტანციური აპლიკაციის მსგავსი იქნება და თქვენს სმარტფონს უნიკალურ კონტროლერად აქცევს.

დისტანციური კონტროლის ფუნქციები დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი. მისი გამოყენება Google TV-ის აპლიკაციიდან შეგეძლებათ. ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, Google TV-ის აპლიკაცია დამატებით 14 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

Google Photos-ის საიდუმლო Locked Folder სხვა სმარტფონებზეც გამოჩნდება

Google-მა Google Photos-ის ახალი ფუნქცია Locked Folder თავიდან ექსკლუზიურად Pixel-ებისთვის წარადგინა. Locked Folder დაცული ფოლდერია, სადაც ჩვენი სენსიტიური ფოტოებისა და ვიდეოების განთავსება და მათი პაროლით დაცვაა შესაძლებელი. როცა ეს ფუნქცია პირველად გამოჩნდა, ის მხოლოდ Pixel-ებზე იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ის ეტაპობრივად იმ ყველა სმარტფონზე გამოჩნდება, რომელიც Android Marshmallow-ზე ან უფრო ახალ ვერსიაზე მუშაობს.

Gboard

უამრავ ახალ ფუნქციას მიიღებს Gboard ანუ გუგლის კლავიატურა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება Copy/Paste ფუნქციის მოყვარულებს ძალიან გაახარებთ. დაკოპირებისა და ჩასმის ფუნქციები ფართოვდება. მაგალითად, თუ თქვენ დააკოპირებთ დიდ ტექსტს, რომელშიც ტელეფონის ან ბანკის ანგარიშის ნომერია მოცემული, კლავიატურა Paste-ის დროს ავტომატურად გამოყოფს მათ ერთმანეთისგან და მოგცემთ საშუალებას ჩასვათ ან მთლიანი ტექსტი ან მხოლოდ ნომრები ან ტექსტი ნომრების გარეშე. ასევე, კლავიატურა დაკოპირებულ ტექსტში იმეილებსაც ამოიცნობს და მათაც გააცალკევებს.

კლავიატურას 1 500 ახალი სტიკერიც დაემატება და მათ არჩევაში კლავიატურა ჭკვიანურად დაგვეხმარება, თუ მაგალითად ორ ემოჯის გააერთიანებთ, Gboard ავტომატურად შემოგთავაზებთ ამ ორი ემოჯის ნაერთ სტიკერს.

ასევე, სხვა სმარტფონებზე გამოჩნდება Smart Compose ფუნქციაც. ეს უკანასკნელი აქამდე მხოლოდ Google Pixel 5-ის ექსკლუზივი იყო, ის წინადადებების დახმარებაში გვეხმარება და რეკომენდირებულ ტექსტებს გვთავაზობს, ამასთანავე Gboard მიხვდება თუ რომელი სქრინშოთის გაგზავნა გსურთ ადრესატთან და მათაც ავტომატურად შემოგვთავაზებს.