Google-მა ყველას დაასწრო და აგვისტოში, მანამ, სანამ მომავალი Pixel 6-ის და Pixel 6 Pro-ს შესახებ ინფორმაციები დაიწყებდა გაჟონვას, სმარტფონი ფაქტობრივად თვითონვე გვანახა. Google-მა ასევე თვითონ დაადასტურა, რომ სმარტფონი Google-ის პირველ პროცესორს, Tensor-ს მიიღებს.

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ნანახი სმარტფონის რეალური ფოტო ან ვიდეო. დღეს, Twitter-ზე ახალი ვიდეო გამოჩნდა, სადაც სავარაუდოდ Pixel 6 Pro-ს პირველი რეალური კადრებია ასახული. ვიდეოში ნაჩვენები სმარტფონი PIxel 6 Pro-ს წინასწარი ანაწყობია, რომელიც კომერციული გაყიდვისთვის არ არის შექმნილი.

სმარტფონის ვიზუალი ზუსტად ემთხვევა იმ ფოტოებს, რაც გუგლმა თავისით გაგვიზიარა. უკანა მხარეს ვხედავთ ამოწეულ კამერის კუნძულს, რომელზეც სამი სენსორია განთავსებული. სმარტფონის გვერდები მეტალისგანაა დამზადებული, უკანა მხარე კი პრიალაა და სავარაუდოდ შუშა იქნება.

ვიდეოზე ჩანს, რომ სმარტფონზე Android 12 აყენია და ის სულ ახალი ჩართულია. Pixel 6 Pro 6,7 ინჩიან QHD+ ეკრანსა და 120 ჰერციან განახლების სიხშირეს მიიღებს.

ჩვენ ჯერ ზუსტად კიდევ არ ვიცით, თუ როდის დააანონსებს Google ახალ Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს, ასევე უცნობია სმარტფონების ფასებიც. ამ მხრივ, Google-ის პრეზენტაციას ოქტომბერში უნდა ველოდოთ.