ავსტრალიაში რეკორდული ეფექტიანობის მქონე ფოტოელემენტი შექმნეს
ფოტოელემენტი ვერცხლის ნაცვლად სპილენძის გამოყენებით შეიქმნა, რაც მით უფრო განსაკუთრებული მოვლენაა.
ავსტრალიურმა კომპანიამ მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი კომერციული მასშტაბის ფოტოელემენტი შექმნა, რომელსაც 25,54 პროცენტიანი ეფექტიანობა გამოარჩევს. წინა რეკორდი 25,26 პროცენტი იყო, რაც საკმაოდ დიდ ნახტომს წარმოადგენს. შედეგები მზის ენერგიის კვლევის ინსტიტუტმა დაადასტურა ჰამელნში, გერმანიაში.
მიღწევის უკან კომპანია SunDrive დგას, რომელიც 2015 წელს შეიქმნა გარაჟში. მისი თანადამაარსებელი ვინს ალენი გახლავთ, შემდგომში უკვე ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სადოქტოროს კანდიდატი. მისი იდეა მზის პანელების გაიაფებაში მდგომარეობდა: ელექტრობის შესაგროვებლად ჩვეულებრივ ვერცხლი გამოიყენება, თუმცა ალენს მისი სპილენძით ჩანაცვლება სურდა.
ვერცხლი დღევანდელი მზის პანელების უმთავრესი კომპონენტია, იდეა კი არაერთი მიზეზის გამოა შესანიშნავი: სპილენძი 100-ჯერ იაფია ვერცხლზე, რომელიც ძვირი და ამოწურვადი რესურსია. ამასთანავე, სპილენძის მარაგი ბევრად დიდი გვაქვს, მის დამუშავებას კი შედარებით დაბალი ტემპერატურული პირობები სჭირდება, რაც ენერგიის გამოყენებასაც ამცირებს.
გარდა ამისა, ალენმა ABC-თან საუბრისას ახსნა, რომ კომერციული მასშტაბის ფოტოელემენტის ეფექტურობის რეალისტური ლიმიტი დაახლოებით 27 პროცენტამდეა — ტექნოლოგია მისი ეფექტურობის ლიმიტს უახლოვდება. სწორედ ამიტომ, მზის ენერგიის ფართო დანერგვისთვის შეიძლება, ვერცხლის ნაცვლად სპილენძის გამოყენება უაღრესად სასიკეთო აღმოჩნდეს.
"ვფიქრობ, მსოფლიო რეკორდის დამყარებაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ვერცხლის გარეშე შევძელით", — თქვა ალენმა — "დღევანდელ კომერციულ ფოტოელემენტებსა და კომერციული მასშტაბის უკანასკნელ რეკორდულ ფოტოელემენტებს რომ შეხედოთ, ეფექტიანობასა და ვერცხლის გამოყენებაში ძლიერი კორელაცია შეიმჩნევა. სპილენძის გამოყენებით ეს ტენდენცია წარმატებით დავამსხვრიეთ".
კომპანია ჯერ მზად არაა, ასეთი მზის პანელები მონტაჟისთვის გაამზადოს, თუმცა ახალი რეკორდი, შესაძლოა, მზის ენერგიის სამყაროში ცვლილებაზე მიანიშნებდეს და მზის პანელთა სამრეწველო ხარჯებიც შეამციროს. კომპანიის შემდეგი ნაბიჯი ტექნოლოგიის მასობრივ წარმოებაში დანერგვა იქნება.
"ვგეგმავთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენი ფოტოელემენტების შემცველი კომერციული მასშტაბის მოდული ვიქონიოთ, რომელიც ასახავს, თუ რა შეიძლება სახურავზე ან მზის ფერმაში მოვათავსოთ. ასევე ვგეგმავთ, რომ შემდეგი წლის ბოლოსთვის ჩვენი საცდელი პროდუქციის ხაზი შევქმნათ, პანელები კი, სავარაუდოდ, 2023 წლის პირველ ნახევარში იქნება მზად".
კომენტარები