ახალი კვლევის თანახმად, გლობალური დათბობა ცხოველებს ფიზიკურად ცვლის
მკვლევრების თქმით, ცხოველები გლობალური დათბობისთვის "ემზადებიან" და ამის ფონზე ფიზიკურად სულ უფრო მეტად იცვლებიან.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თბილ სისხლიანი ცხოველები ფიზიოლოგიას იცვლიან, რათა მოერგონ უფრო ცხელ კლიმატს. ეს ნიშნავს უფრო დიდ ნისკარტს, ფეხებს და ყურებს, რათა უკეთ დაარეგულირონ საკუთარი სხეულის ტემპერატურა.
როდესაც ფრინველის ორგანიზმი გადახურდება სითბოს დასარეგულირებლად ნისკარტს იყენებს, ხოლო ძუძუმწოვრები ამისთვის ყურებს მიმართავენ. თბილი კლიმატისთვის უფრო ადაპტირებული ზოგიერთი ქმნილება სპეციალურად ისე განვითარდა, რომ აქვს შესაბამისი ნისკარტი ან ყურები. ეს განსხვავებები კლიმატის ცვლილებების ფონზე უფრო აშკარა და აქტუალური ხდება.
თუ ცხოველი ვერ აკონტროლებს საკუთარი სხეულის ტემპერატურას, ის შეიძლება მოკვდეს. ნისკარტი, რომელიც არ არის დაფარული ბუმბულით, შესაბამისად, არის მნიშვნელოვანი სითბოს მარეგულირებელი, ისევე როგორც ძუძუმწოვრებში ყურები, კუდები და ფეხები, თუ ისინიც ბეწვით არ არის დაფარული.
ჟურნალ Trends in Ecology & Evolution-ში გამოქვეყნებულმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ცვლილებები განსაკუთრებით გამოხატულია ფრინველებში.
"ფორმის შეცვლა არ ნიშნავს იმას, რომ ცხოველები გაუმკლავდებიან კლიმატის ცვლილებას და რომ ყველაფერი კარგადაა. ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ისინი იბრძვიან გადარჩენისთვის. თუმცა, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული რა სხვა ცვლილებები მოჰყვება ამას და როგორ შეიცვლება ეკოლოგია", — აღნიშნა კვლევის ავტორმა, სარა რიდინგმა დიაკინის უნივერსიტეტიდან.
მაგალითად, ავსტრალიური თუთიყუშის რამდენიმე სახეობას, 1871 წლიდან მოყოლებული ნისკარტის 4-10% -იანი ზრდა შეენიშნება.
ამასთან, მკვლევრებმა განაცხადეს, რომ კუდის სიგრძე იზრდება ხის თაგვებში, ხოლო კუდისა და ფეხის ზომა მატულობს სხვდასხვა მღრნელებში. ამასთან, შეინიშნება, რომ ღამურებს ცხელ კლიმატში ფრთების ზომა ეზრდებათ.
ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად გაგრძელდება ცხოველების ფიზიოლოგიური შეცვლა და ეს პროცესი დროსთან ერთად კიდევ უფრო აჩქარდება.
"ამ ეტაპზე ფიზიოლოგიური მახასიათებლების ზრდა დაახლოებით 10 პროცენტია და ის ჯერ ადვილად დასაფიქსირებელი არ არის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს ყველასთვის შესამჩნევი გახდება. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მეინსტრიმ მედიაში კლიმატის ცვლილება განიხილება, ისმის შეკითხვა, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ამის გადალახვა და რა ტექნოლოგიას შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა. დროა გავიგოთ, რომ ცხოველებიც უნდა შეეგუონ ამ ცვლილებებს, ეს ერთიანი ეკოსისტემაა. ჩვენს მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება დიდ ზეწოლას ახდენს სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე და სანამ ზოგიერთი სახეობა ადაპტირდება, ზოგი უბრალოდ ვერ გადარჩება", — ამბობს სარა რიდინგი.
ცალკე საკითხია, ეს ცვლილებები სხვა რა მხრივ იმოქმედებს ცხოველებზე და ეკოსისტემაზე. მაგალითად, გაზრდილმა ნისკარტმა ფრინველების კვების რაციონი შეიძლება შეცვალოს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები