გუგლის ასისტენტის გამოყენება მალე "Hey Google"-ის თქმის გარეშე შეგვეძლება
"Quick phrases" ახალი ფუნქციაა, რომელიც Google Assistant-ისთვის იქმნება და ჯერ მუშაობის პროცესშია. ის ასისტენტის გამოძახების საშუალებას "Hey Google"-ის თქმის გარეშე მოგვცემს. ასისტენტი ისეთ ფრაზებს, როგორიცაა "რომელი საათია" ან "აანთე ფანარი" პირდაპირ გაიგებს და მისი გააქტიურება წინასწარ, სხვა ფრაზით საჭირო აღარ იქნება — ამის შესახებ ინფორმაციას 9to5Google ავრცელებს. ეს ფუნქცია ოფიციალურად ჯერ არ დაანონსებულა და უცნობია ზუსად როდის ან რომელ სმარტფონებზე გახდება ის ხელმისაწვდომი.
ეს ფუნქცია პირველად აპრილში გამოჩნდა კოდური სახელით "Guacamole". მაშინ მას "Voice shortcuts" ეწოდებოდა, მისი ფუნქციები შეზღუდული იყო და მხოლოდ მაღვიძარის გაჩუმება ან შემოსულ ზარებზე პასუხი შეეძლო. თუმცა, ახალ მენიუში, რომელიც 9To5Google-მა აღმოაჩინა, ბევრად უფრო მეტი ფუნქცია ჩანს. როგორც ირკვევა, ჩვენ შევძლებთ ამინდის გაგებას, სიმღერების გადართვას, მაღვიძარისა და ტაიმერების დაყენაბას ან გაჩუმებას Hey Google-ის თქმის გარეშე, პირდაპირ გაცემული ბრძანებით.
როგორც ირკვევა, Settings მენიუდან თქვენ თვითონ უნდა გააქტიუროთ ის სპეციფიკური ბრძანებები, რომლებიც გსურთ, რომ ასისტენტის ჩამრთველი ბრძანების გარეშე გამოიყენოთ. ხმის ტემბრის დამთხვევით კი სმარტფონი ზუსტად მიხვდება, რომ ეს თქვენ ხართ და ყველა ასეთ ბრძანებას წინასწარ Hey Google-ის თქმის გარეშე შეასრულებს. ასევე, აქვეა მეორე მენიუც, რომელიც გვთავაზობს, რომ ასეთი ფრაზები Google Assistant-ით აღჭურვილმა სხვა მოწყობილობებმაც აღიქვან. ასეთი კი შეიძლება იყოს Google Home ან სხვა, სახლისთვის განკუთვნილი ჭკვიანი მოწყობილობა.
9To5Google-ის აზრით, ასეთი ფრაზების რაოდენობა ნელ-ნელა კიდევ უფრო გაიზრდება და ასისტენტის მოხმარება ბევრად უფრო კომფორტული და მარტივი გახდება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები