ინგლისის სანაპიროზე გამორიყული ნახევრად გამჭვირვალე მედუზას მუცელში თევზის დანახვას შეძლებთ
სავარაუდოდ, სწორედ ეს დატყვევებული თევზი აღმოჩნდა მედუზას უკანასკნელი სადილი.
მკვდარ მედუზას, რომელიც ახლახანს გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ სანაპიროზე გამოირიყა, ნახევრად გამჭვირვალე მუცელი აქვს და თავის ბოლო სადილს — მთლიან, საკმაოდ გაოცებული გამომეტყველების მქონე თევზსაც — თვალნათლივ წარმოგვიჩენს.
საქმე, კონკრეტულად, კომპასისებრ მედუზასთან (Chrysaora hysoscella) გვაქვს, რომელსაც სახელი მისი ყავისფერი, ლათინური V-ის ფორმის ნიშნულების გამო შეერქვა, რომელიც კომპასის ხაზებს წააგავს. მის შიგნით არსებული ახალგაზრდა თევზის "ვინაობა" კი ჯერაც დაუდგენელია.
The Daily Mail-ის განცხადებით, ადგილობრივმა ფოტოგრაფმა იან უოტკინმა უცნაური ბურთულა 4 აგვისტოს დააფიქსირა პეტსდოუსთან ახლოს, კორნუოლში, როდესაც დილით ძაღლს ასეირნებდა. მისი განცხადებით, ეს "ყოველდღიური სანახაობა ნამდვილად არ არის".
ცნობილია, რომ ახალგაზრდა თევზები თავშესაფარს მედუზას საცეცებში ეძებენ, თუმცა მფარველი ამ შემთხვევაში მტაცებელი აღმოჩნდა. ექსპერტთა აზრით, მედუზამ იგი დასუსხვით მოკლა და რუდიმენტული მუცლის საშუალებით ნელ-ნელა მოინელებდა კიდეც, ნაპირზე რომ არ გამორიყულიყო.
"ხშირად მედუზებს ახალგაზრდა თევზები თავშესაფრად იყენებენ და მათ საცეცებს შორის იმალებიან, მტაცებელთაგან თავდასაცავად", — განაცხადა ორგანიზაციამ — "სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს თევზი დაისუსხა და კომპასისებრი თევზის სადილადაც იქცა".
Cornwall Wildlife Trust-ზე დაყრდნობით, კომპასისებრი მედუზა დიამეტრში დაახლოებით 30 სანტიმეტრამდე იზრდება და ბრიტანულ წყლებში მაისიდან ოქტომბრამდე ხშირად ფიქსირდება. სახეობა, სხვა მედუზების მსგავსად, პატარა თევზებითა და კიბორჩხალებით იკვებება, მისი ნასუსხი კი სასიკვდილო არა, მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეული იქნება ადამიანისთვის.
უჩვეულო სურათი Wildlife Trusts-ის — რეგიონულ დამცველობით ჯგუფთა ერთობლიობა გაერთიანებულ სამეფოში — მიერ ინიცირებული ეროვნული საზღვაო კვირეულის ფარგლებში გადაიღეს შემთხვევით, რომლის მიზანიც ბრიტანეთის სანაპირო ზოლის უნიკალური საზღვაო ცხოვრების გაშუქება იყო.
კომენტარები