ლიტერას კონკურსიდან ნამუშევარი კიდევ 13-მა მონაწილემ მოხსნა (სულ 18) — განახლებადი
ლიტერატურულ პრემია ლიტერაში მონაწილეობაზე უარი უკვე ჯამში გრძელ სიაში შესულმა 18-მა კონკურსანტმა თქვა. თავდაპირველად ხელოვანები თეა წულუკიანის ქმედებებს და შესაბამისად, კულტურის სამინისტროს და მის კონკურსს უცხადებდნენ ბოიკოტს, ხოლო მას შემდეგ, რაც ლიტერას ჟიურიში კულტურის სამინისტრომ წევრი დანიშნა, კონკურსი 10-ზე მეტმა ხელოვანმა დატოვა.
დღეს ლიტერას ჟიური ასევე დატოვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ოთხივე წევრმა და ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე დარჩა. კულტურის სამინისტრო კითხვას, აპირებს თუ არა დანიშნული ჟიურის წევრის გაწვევას, არ პასუხობს.
ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს და აქამდე პრემიის ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა. სახელმწიფო პრემიის ჟიურიში წელს პირველად დანიშნა კულტურის სამინისტრომ თავისი წარმომადგენელი. ამისთვის დებულებაში ცვლილებები ცოტა ხნის წინ შევიდა.
ჭუმბურიძის უკან გაწვევა კულტურის სამინისტროს გუშინვე მოსთხოვა მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ და ლიტერაში მონაწილე ავტორების, დიზაინერების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ნაწილმა.
ქრონოლოგიურად წარმოგიდგენთ იმ ხელოვანების (განახლებად) სიას, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს:
18. თამთა მელაშვილი / შაშვი შაშვი მაყვალი / წლის საუკეთესო რომანი
"მე არ ვრჩები და ვხსნი ჩემს წიგნსაც გრძელი სიიდან. ბოლომდე ვუგულშემატკივრებ მწერალთა სახლს და მის თავდადებულ გუნდს, მაგრამ ამ კონტექსტში 'ლიტერაში' რაიმე ფორმით ჩემს დარჩენას აზრი აღარ აქვს. წერილის ერთ-ერთი ინიციატორი ამ ადამიანის [იოსებ ჭუმბურიძის] უკან გაწვევის მოთხოვნით მეც ვიყავი, ეს იყო იმ სიტუაციაში ჩემი პროტესტის გამოხატვის ფორმა. ახლა უკვე, ამ მოცემულობებით, სიის დატოვებაა. მჯერა, რომ იარსებებს ბევრი სხვა სივრცე მათი არაპროფესიონალიზმის, უვიცობის, ბოროტების და მავნებლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ამ სივრცეებს, მე პირადად, ყოველთვის გამოვიყენებ".
17. ლელუკა ლაშხი / ჟაკლინი / წლის საუკეთესო დებიუტი
ყველამ კარგად იცის როგორი ნაგვის სუნი დგას ქვეყანაში პოლიტიკიდან-კულტურამდე. სახელმწიფოს რომ ყველაზე თავხედი და ყოვლგვარ კულტურას ასხლეტილი კულტურის მინისტრი ჰყავს — ისიც. სრულიად კულტურული შოკი მივიღე, კულტურის სამინისტროს ამაზრზენი გადაწყვეტილების გამო და სასტიკად შემრცხვა, რომ ჟიურის განხილვამდე უნდა მისულიყო ის, რაზეც თვეების განმავლობაში, ცხადსა და სიზმარში, მოგზაურობასა და პირად ცხოვრებაში ასახული მოვლენების ფონზე ვფიქრობდი, დავწერე და ერთგულ მკითხველს ვაჩუქე.
არ მინდა, გული გაგიწყალოთ და აქვე დავასრულებ, რომ წინააღმდეგი ვარ, ჟაკლინი მონაწილეობდეს ლიტერატურულ კონკურს ლიტერაში!
16. ზვიად კვარაცხელია / დარეკე! დაუბარე! / წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
"მწერლობას და სამწერლო პროცესს არ სჭირდება ზემოდან დანიშნული იდეოლოგიური კურატორი. ეს ყველა მთავრობას და ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მწარედ უბრუნდება ხოლმე.
ჩემი, როგორც ავტორის პოზიცია კი ეს არის – ვხსნი ჩემს წიგნს დარეკე! დაუბარე! პრემია ლიტერადან".
15. ანდრო დადიანი / განსაწმენდელი / წლის საუკეთესო დებიუტი
"ესაა მწერლობის თავიდან მოთვინიერების მცდელობა, ის, რაც საბჭოთა კავშირმა სისხლით მოიპოვა და შეიწირა მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილო და ა.შ. ის რაც 1989 წლის 9 აპრილს დიდი სისხლის დავასრულეთ. ახლა ამ სიმახინჯეზე თავიდან დათანხმება ყველა ჩვენი ნახსენები წინაპრის სისხლის წყალში გაქცევაა, ამის უფლება შეგვიძლია მივცეთ თავს თუ შეგვიძლია ინდივიდუალურად ამ ჯვრის ტარება, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ საუკუნეები ამაზე პასუხისმგებლები ვიქნებით".
კითხვაზე, თეა წულუკიანის ქმედებებს გულისხმობს, თუ ჟიურის წევრის სამინისტროს მხრიდან დანიშვნას, მწერალი ასე პასუხობს:
"ეს მატრიოშკაა, ერთი მეორეში ზის და ერთი მეორეს ამყარებს, ორივეს, სამივეს, ან შვიდივეს რომელიც ამ ფიგურების შიგნით და გარეთაა".
14. ნინო სამყურაშვილი / ჯავშანი / წლის საუკეთესო დებიუტი
"ლიტერატურული პრემია ლიტერას გრძელი სიიდან ჯავშანი გამაქვს.
თეა მიკროფონი დააბრუნე!
ჯავშანი საბჭოთა პერიოდში საქართველოს მოქალაქეების თავგადასავალია. მთავარი ხაზი კი რაც წიგნს გასდევს არის როგორ ჩაგრავდა და ანადგურებდა სისტემა მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს..."
13. თეონა ჭანიშვილი / სამი მედეა. პიესები; ამაღლების ქუჩა; იროელთა ქრონიკები (ნისლებში და ნისლებს მიღმა და ამბავი ლილე იროელისა); ცხოველების კარ-მიდამო; მანცხვარკარი. / წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
დიზაინერი 5 ნამუშევრით იყო წარდგენილი კატეგორიაში წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი.
"არც ახლა აღმომიჩენია კულტურის სამინისტროს "სპეციფიკური კონტექსტი", მაგრამ ეს ჩეკისტობა რაღა უბედურებაა!! რა თქმა უნდა ჩემი პატივისცემა მწერლებს, ყოველთვის სწორი და დროული რეაქცია იშვიათად რომელიმე სახელოვნებო სფეროს ქონდეს, ისე სულ ექშენში ხართ ბოლოდროს.
ნუ ახლა მე არ ვიტიპებ და მწერლებთან ერთად წინა რიგებში არ გამოვეკვეტები. და ბოლოსკენ მეც ამოვეშლები სიიდან".
12. ბელა ჩეკურიშვილი / ნანას ცხენი / წლის საუკეთესო პოეტური კრებული
"არ მინდა ისეთ კონკურსში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება მწერლობის გაკონტროლებას ცდილობს.
მინდა, რომ "ლიტერა" თავისუფალი კონკურსი იყოს. და თუ ვიჩხუბებთ, კონკურსანტებმა ვიჩხუბოთ ერთმანეთში...
ამიტომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას წლევანდელი კონკურსიდან".
11. დავით ქაშიაშვილი / მორნიბიე კაჰ / წლის საუკეთესო დებიუტი
"4 შერჩეული ერთიც "თეას" დანიშნული ჟიური! - მიზეზი რის გამოც ვხსნი ჩემს წიგნს ლიტერადან. ეს არაა თავისუფლება, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია".
10. რატი მუჯირი / მეილები ავღანეთზე / წლის საუკეთესო რომანი
"თეა, მიკროფონი დააბრუნე!
რა თქმა უნდა, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქე ზემოდან დანიშნულ ჟიურის არ ავიტან.
ლიტერას გრძელი სიიდან მ@ილები ავღანეთზე გამაქვს.
თეა, მიკროფონი დააბრუნე!"
9. ნათია გიორგაძე / ხმის მატარებელი / წლის საუკეთესო პოეტური კრებული
"ჩემი სიხარული თავისუფლებაშია! უარი - ლიტერას! ვხსნი ხმის მატარებელს კონკურსიდან და მიხარია!"
8. გიორგი შონია / რობოტების ყვავილები / წლის საუკეთესო პოეტური კრებული
"გადაწყვეტილება მივიღე რობოტების ყვავილები მოვხსნა ლიტერას გრძელი სიიდან. რთული გადაწყვეტილებაა, რადგან ძალიან ცოტა ლიტერატურული პრემია გვაქვს საქართველოში და მწერლისთვის თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. თან ლიტერასადმი განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს - პირველი ლიტერატურული პრემია იყო, რომელიც მივიღე.
თუმცა რობოტების ყვავილები სწორედ ძალაუფლების ცენტრების წინააღმდეგ მიმართული წიგნია და აი, ვერანაირად ჩაჯდება ამ კონტექსტში.
დღევანდელი მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, იმდენად ვუახლოვდებით ბელარუსს, რომ თითოეული ჩვენგანი ისე უნდა დაუპირისპირდეს ამ ბოროტებას, როგორც შეუძლია. ყველა ბერკეტი გამოსაყენებელია!"
7. ელენე კვირკველია / წყვეტა / წლის საუკეთესო დებიუტი
"ჩემთვის მთავარია, ღირსება არ დავკარგო. ახლა ბერლინში ვარ, რა თქმა უნდა, საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ, საქართველოში, და არა საბჭოთა კავშირში! ჩემი სადებიუტო კრებული წყვეტა მოხსნილია ლიტერატურული პრემია ლიტერადან. თეა წულუკიანის მიზნები დიდი ხანია გაცხადებულია, დღეს უბრალოდ ნათელი მოჰფინა ყოველივეს. არავის არაფერს არ მოვუწოდებ, უბრალოდ, სასაცილოა წულუკიანის ტრიუკი, პასუხმაც არ უნდა დააყოვნოს.
მინისტრები, ყოფილი მინისტრები ხდებიან, დროის ამბავია".
6. ჯაბა ზარქუა / ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი / წლის საუკეთესო რომანი
"აქამდე თავს ვიკავებდი ლიტერატურულ კონკურს ლიტერას ბოიკოტირებისგან, რადგან მინისტრისადმი ჩემი უკიდურესად ნეგატიური განწყობის მიუხედავად ასეთი კონკურსის არსებობის ფორმა მომწონდა per se, თუმცა მას შემდეგ რაც ქალბატონმა მინისტრმა ჟიურიში დასვა თავისი წარმომადგენელი ძველ, კეთილ საბჭოთა სტილში და ამით ცხადი გახადა პრემიის ლაურეატებით მისი პირადი დაინტერესება, როგორც თავისი საქმის მცოდნე აგიტპროპებს ეკადრებათ, კონკურსს შინაარსისგან დაცლილად მივიჩნევ და გრძელ სიაში ჩემი წიგნის ადგილს ვეღარ ვხედავ!
პ.ს. ჟიურის შეუძლია ეს სტატუსი კონკურსიდან მოხსნის შესახებ ჩემს საჯარო განაცხადად მიიღოს".
5. ეკა ქევანიშვილი / ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება / წლის საუკეთესო პოეტური კრებული
"ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მაგრამ ერთი "ზემოდან" დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში. ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. "ლიტერას" გულშემატკივრობით. მაგრამ არა. მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს".
4. ირაკლი კაკაბაძე [იაკი კაბე] / ამაღლების ქუჩა / წლის საუკეთესო პოეტური კრებული
"დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ".
3. ნატალია ავალიანი / ლაბირინთი მანუელისთვის და დამწყები / წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
"მეც არ შემიძლია უარი არ ვთქვა კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე, სანამ ამ უწყების მინისტრი არის სრულიად უკულტურო ადამიანი და ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი.
ეს არის ჩემი ინივიდუალური პროტესტი ამ სამარცხვინო ჩინოსნის და არანაირად კონკურსი ლიტერას მიმართ, რომლის 2017 წლის ამაყი გამარჯვებულიც თვითონ ვარ. გულით ვუსურვებ წარმატებებს კონკურსის სხვა ნომინანტებსა და მწერალთა სახლს. და სრულიად საქართველოს".
2. მათე სარალიშვილი / მივიწყებულნი / წლის საუკეთესო დებიუტი
"ვისაც მივიწყებულნი წაუკითხავს, მიხვდება, რატომ ვტოვებ კონკურსს. მივიწყებულნი 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია. ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ".
1. ტორესა მოსი / ორდროშობანა / წლის საუკეთესო რომანი
ფოტო: Toresa Mossy / Facebook
"გრძელ სიაში ჩემი ორდროშობანაცაა, თუმცა როგორც უკვე განვაცხადე უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, ორდროშობანა მოიხსნება ლიტერადან.
წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი, სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან".
ლიტერა 2021
ტორესა მოსიმ კულტურის სამინისტროს ბოიკოტი ჯერ კიდევ 22 ივლისს გამოუცხადა, როდესაც თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. უხეშად წართმევის შემდეგ, მინისტრმა მთავარი არხის მიკროფონით დაიწყო საუბარი და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. წულუკიანი ჟურნალისტს უთხრა: "ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ...". მანვე Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით უნდა "გვაუწყოს". მინისტრის აზრით, ამ საქციელით ჟურნალისტი განაიარაღა.
პრემია ლიტერა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა 6 ნომინაციაში:
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
- წლის საუკეთესო რომანი;
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
- წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა;
- წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი;
- წლის საუკეთესო დებიუტი.
კონკურსანტების მოკლე სიას ჟიური ნოემბრის დასაწყისში წარადგენს, გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია კი 2021 წლის დეკემბერში გაიმართება.
ასევე იხილეთ:
- წულუკიანს არ ვიკადრებ — ტორესა მოსიმ ლიტერას კონკურსიდან საკუთარი წიგნი მოხსნა;
- ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ — ლიტერას კონკურსიდან რომანი დებიუტანტმა მწერალმაც მოხსნა;
- პროტესტი "სამარცხვინო ჩინოსანს" — ლიტერას კონკურსი დიზაინერმა ნატალია ავალიანმაც დატოვა;
- მწერლებო, აიმაღლეთ ხმა — ლიტერას კონკურსი ირაკლი კაკაბაძემაც დატოვა;
- "ზემოდან" დანიშნული ჟიურის წევრი უსიამოვნოა და საშიში — ლიტერას კონკურსს ეკა ქევანიშვილიც ტოვებს;
- "მიუღებელია" — მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო ლიტერას ჟიურიში იოსებ ჭუმბურიძის დანიშვნაზე;
- ლიტერას კონკურსის 100-მდე მონაწილე თეა წულუკიანს ჟიურის წევრის უკან გაწვევას სთხოვს;
- ლიტერას ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს დანიშნული წევრი დარჩა;
- ეს ის ხალხია, ვისაც ილიასა და აკაკის პორტრეტების ჩამოხსნა არ გაუპროტესტებია — ჭუმბურიძე.
კომენტარები