NASA-ს ინჟინრებმა საბოლოოდ დაადგინეს ჰაბლის ტელესკოპის დაზიანების მიზეზი
ერთი თვეზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, NASA-ს ინჟინრებმა საბოლოოდ დაადგინეს, რა იყო ჰაბლის ტელესკოპის დაზიანების მიზეზი. NASA-ს განცხადებით პრობლემა ტელესკოპის დენის კონტროლის განყოფილებაში (PCU) იყო, რომელიც მოწყობილობის ყველა ნაწილისთვის ელექტროენერგიის რესურსის მუდმივ მიწოდებას უზრუნველყოფს.
ძაბვის დონე 5 ვოლტზე ქვევით დაეცა, რამაც მეორადი დაცვის სისტემის გააქტიურება გამოიწვია, რის შედეგადაც მონაცემების გადამტვირთავმა კომპიუტერმა ყველა ოპერაცია შეაჩერა.
საბედნიეროდ, გუნდს შეუძლია მოწყობილობა სარეზერვო კომპიუტერზე გადართოს, რომლესაც სარეზერვო PCU გააჩნია. NASA შეკეთების პროცესის დაწყებას 15 ივლისიდან გეგმავს. მათი განცხადებით, ტელესკოპი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ტელესკოპის დაზიანების პირველი შემთხვევა არ გახლავთ. მსგავსი რამ 2009 წელსაც მოხდა, თუმცა მაშინ ასტრონავტებმა თავად შეძლეს დაზიანებული ნაწილების შეცვლა. მაგრამ ახლა არ არსებობს ისეთი კოსმოსური შატლი რომელიც ტელესკოპთან დაკავშირებულ მისიებს ასრულებს, ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მისი შეკეთებისთვის სარეზერვო სისტემაზე გადართვა საკმარისი იქნება.
კომენტარები