დამდნარი ასფალტი, სადენები და ნაგებობები — კანადაში ანომალიური სიცხეები გრძელდება
კანადაში ანომალიური სიცხეებია.
ამერიკისა და კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სიცხეები გრძელდება. რამდენიმე დღეა კანადაში სულ უფრო და უფრო მაღალი ტემპერატურები ფიქსირდება. დაიღუპა ასობით ადამიანი. სიეტლის საავადმყოფოებში დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორიც კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში იყო. რეგიონში გახსნილია გამაგრილებელი ცენტრები, რომლებსაც ადამიანები მასობრივად აფარებენ თავს.
სიცხე მხოლოდ ადამიანებს არ აზიანებს. კანადაში შენობები, გზები და უბრალოდ საჯარო ინფრასტრუქტურა ლღვება. ისინი ასეთ სიცხეებზე გათვლილი არასდროს ყოფილა.
ორეგონის ყველაზე დიდ ქალაქში, პორტლენდში ტრამვაის მოძრაობა სამი დღეა შეწყვეტილია, რადგან სიცხემ სადენები უბრალოდ დაადნო.
"ჩვენი ინფრასტრუქტურა პორტლენდის ტიპურ ტემპერატურაზეა გათვლილი და ჰაერის ტემპერატურის ასეთი ზრდა პორტლენდში, ივნისში არასდროს გვინახავს" — განაცხადა პორტლენდის ტრამვაის კომპანიის წარმომადგენელმა Newsweek-თან საუბრისას
წლის ამ პერიოდში პორტლენდის ტემპერატურა იშვიათად ცდება ხოლმე 32 გრადუსს, ამიტომ მოსახლეობის დიდ ნაწილს კონდინციონერებიც არ აქვს. სიეტლის სიახლოვეში, ივნისში 29 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის ნახვაც გაგიჭირდებათ, მოსახლეობის ნახევარზე მეტს გამაგრილებელი საშუალებები არ აქვს. სწორედ ამიტომ, როცა ტემპერატურამ თითქმის 50 გრადუსს მიაღწია, სკოლები და სხვა საჯარო დაწესებულებები დაიხურნენ.
კომენტარები