NASA–მ პირველად გვაჩვენა გიგანტური რაკეტა, რომელიც ასტრონავტებს მთვარეზე წაიყვანს
ფლორიდის კენედის კოსმოსური ცენტრის ინჟინრებმა პირველად გვაჩვენეს NASA-ს მძლავრი Space Launch System (SLS) რაკეტა, რომელიც სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება. გავრცელებულ ფოტოებში ეს კომპონენტები გაშვების კომფიგურაციაშია.
აღსანიშნავია, რომ NASA SLS-ის გაშვებას მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს. ამ მისიის ფარგლებში, რომელსაც Artemis-1 ეწოდება, SLS მთვარეზე Orion-ს გადაიტანს. ეს ამერიკის შემდეგი თაობის ტრანსპორტია, რომელსაც ასტრონავტები მთვარეზე გადაადგილებისთვის გამოიყენებენ. ამ მისიის დროს, SLS-ის ბორტზე ასტრონავტები არ იქნებიან. ინჟინრებს უნდათ პილოტირებულ მისიამდე ყველა დეტალი გაითვალისწინონ და სწორედ Artemis-1 გასცემს პასუხს კითხვას — შეძლებენ თუ არა 2023 წელს ასტრონავტები მთვარეზე ფეხის დადგმას.
რისგან შედგება SLS
SLS შედგება გიგანტური ძირითადი პლატფორმისგან, რომელშიც განთავსებულია საწვავის ავზები და ოთხი მძლავრი ძრავა, რომელთა გვერდითაც ორი 54 მეტრის სიგრძის მყარი სარაკეტო გამაძლიერებელია (SRB) განთავსებული. ეს ორი გამაძლიერებელი უზრუნველყოფს SLS-ის აფრენას დედამიწიდან, პირველი ორი წუთის განმავლობაში.
SLS-ის მთავარი პლატფორმა და SRB უფრო მაღალია, ვიდრე თავისუფლების ქანდაკება საყრდენის გარეშე. პარასკევსა და შაბათს, კენედის კოსმოსურ ცენტრში გამოიყენეს ამწეები, იმისათვის რომ რაკეტა ვერტიკალურ პოზიციაში ჩაეყენებინათ, შემდეგ კი SRB-ებს შორის, გამშვებზე განეთავსებინათ. ამჟამად ეს სისტემა კენედის ცენტრში, Vehicle Assembly Building-შია განთავსებული.
მობილური გამშვები, რომელზეც ამჯერად SLS დგას, დაეხმარება ინჟინრებს სისტემის ტესტირებაში და ასევე, ის გადაიტანს გიგანტურ რაკეტას რეალურ გამშვებზეც.
ინჟინრებმა SRB-ის ტესტირება მობილურ გამშვებზე გასული წლის ნოემბერში დაიწყეს. ამ პერიოდში, რაკეტის ძირითადი ნაწილი მისისიპიში იცდებოდა. წარმატებული ტესტირების შემდეგ კი კენედის კოსმოსურ ცენტრში გადაიტანეს.
Artemis-3 უნდა იყოს პირველი მისია, რომელიც 1972 წლის Apollo 17 მისიის შემდეგ, ადამიანს მთვარეზე დააბრუნებს. მისი გაშვება 2023 წლისთვის იგეგმება. ამ კუთხით, NASA-მ უკვე გააფორმა კონტრაქტი SpaceX-თან, რომელმაც შემდეგი თაობის მთვარის დამშვები უნდა შექმნას, ამისთვის კი Starship-ის დიზაინის ადაპტირება უნდა შეძლოს.
კომენტარები