სმარტფონზე მიჯაჭვული "ზომბებისთვის" "მესამე თვალი" შექმნეს
გქონიათ შემთხვევა, როდესაც ქუჩაში მიდიხართ, მაგრამ გზის მაგივრად სმარტფონს უყურებთ? დღეს ასე ბევრი ადამიანი მოძრაობს და ისინი ხშირად ერთმანეთსაც ეჯახებიან. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება სიცოცხლისთვისაც სახიფათოც იყოს.
თუმცა, ფაქტია ჩვენ სულ უფრო დიდ დროს ვატარებთ სმარტფონებთან ერთად და მათზე დამოკიდებულებიც ვართ. ეს ბუნებრივიც არის, რადგან სმარტფონებს თითქმის ყველაფრისთვის ვიყენებთ, იქნება ეს უბრალოდ კომუნიკაცია თუ სამსახური. მაშ რა ვქნათ რათა თავი სმარტფონშიც გვქონდეს ჩარგული და თან ჩვენს ირგვლივ სამყაროსაც ვხედავდეთ? იქნებ მესამე თვალი გვჭირდება?
სწორედ ეს გააკეთა პეგ მინვოკმა, სამხრეთ კორეელმა სამრეწველო დიზაინერმა. მის მიერ შემუშავებული სფერული, გამჭვირვალე თვალის ფორმის აპარატი შუბლზე მაგრდება. ის მაშინ აქტიურდება, როდესაც ადამიანი სმარტფონის ეკრანს დახედავს. "მესამე თვალი" ადამიანს ხმოვან შეტყობინებას უგზავნის იმ შემთხვევაში თუ მის წინ რაიმე დაბრკოლებაა. "თვალში" კამერაა ჩამონტაჟებული, რაც სპეციალური სენსორების გამოყენებით სხვდასხვა დაბრკოლების მოახლოვებას აფიქსირებს და მას ადამიანს ატყობინებს.
როგორც ინოვაციური მოწყობილობის შემქმნელმა Interesting Engineering-თან განმარტა, მან ეს "ტელე საპიენსებისთვის", იგივე სმარტფონზე მიჯაჭვული ზომბებისთვის შექმნა, რომლებიც ქუჩაშიც სმარტფონებში თავჩარგულები მოძრაობენ.
"არ მინდა, რომ ეს ინოვაცია ერთადერთ გამოსავლად მოგვევლინოს. ამით უფრო იმის ჩვენება მინდოდა, რომ ჩვენი სამყარო ხშირ შემთხვევაში აბსურდამდე დადის. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, ეს ტექნოლოგიები მართლა ყველას დაგვჭირდება. მომავალში სხვა მსგავსი ინოვაციური მოწყობილობების შექმნასაც ვგეგმავ", — ამბობს პეგ მინვოკი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები