ნახეთ: ერაყში ორთავიანი რუხი წყლის გველი იპოვეს
ერაყში, აღმოსავლეთ სულეიმანიის პროვინციის საიდ სადიქის ოლქის სოფელ ქადრში, ადგილობრივმა კაცმა, მუჰამედ მაჰმუდმა მუშაობისას ორთავიანი გველი აღმოაჩინა. იგი ადგილობრივ მაუწყებელს — Rudaw-ს უყვება, რომ იმ დღეს მიწაზე მუშაობდა. მოულოდნელად კი, როდესაც წყლის დონემ დაიწია, ორთავიანი გველი შეამჩნია, თუმცა გადაწყვიტა არ მოეკლა და სახლში წამოიყვანა.
CBS News-ის მიხედვით, ეს გველი ანკარასებრნის ოჯახს მიეკუთვნება — იგი შხამიანი არაა, სიგრძეში სულ 20 სმ-ია და 80 გრამსაც კი არ იწონის. ქურთისტანში მას "bora mare awa"-ს ეძახიან, რაც რუხი წყლის გველს ნიშნავს.
გველების ექსპერტი, არამ ღაფური იმ ადგილს ეწვია, სადაც ადგილობრივმა ორთავიანი გველი აღმოაჩინა. მან Rudaw-ს განუცხადა, რომ ამ ადგილებში გველების ათი სახეობაა გავრცელებული, თუმცა ამ სახეობის გველი აქ ძალიან იშვიათია. ორთავიანი გველი კი ამ რეგიონში არასდროს უნახავს.
კომენტარები