EasyPay — გადახდის მარტივი პლატფორმა საქართველოდან
ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ციფრული სამყაროც ვითარდება. შესაბამისად, ბიზნესები ციფრული მომსახურების დახვეწას და მის მომხმარებლებისთვის მორგებას ცდილობენ. ეს როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის სასარგებლოა.
დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით EasyPay-ზე, გადახდების მარტივ პლატფორმაზე, რომელიც საკუთარ თავში ბიზნესებსა და ციფრული სერვისების მომხმარებლებს აერთიანებს. EasyPay მომხმარებლისთვის მოქნილ, სწრაფ და მარტივ ონლაინ გადახდებს უზრუნველყოფს.
ციფრული გადახდების საჭიროება კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო დაგვანახა. როგორც EasyPay-ის დირექტორი — გიორგი ასლანიშვილი გვეუბნება, სტარტაპი სწორედ იმ მოთხოვნიდან გამომდინარე შეიქმნა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირველ ეტაპზე წარმოიშვა. კერძო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებს არ ჰქონდათ დისტანციურად გადახდის საშუალება. სწორედ ამიტომ, იასონ ზარქუამ — სტარტაპის მფლობელმა EasyPay დააფუძნა.
როგორც გიორგი გვიყვება, მას და მის გუნდს ფინტექის მხრივ დიდი გამოცდილება ჰქონდათ. მათ შექმნილი აქვთ პროგრამები ფინანსური სექტორისთვის, რომელიც წლებია მუშაობს საქართველოს ბაზარზე და ვითარდება წლიდან წლამდე.
"ამ მხრივ საქართველოში კარგი გარემოა, რადგან ონლაინ გადახდების მიმართულებით ნამდვილად დიდი წინსვლა შეინიშნება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ჩვენი პლატფორმაც ამ ყველაფრის ნაწილია. EasyPay დისტანციურად გადახდის საშუალებას იძლევა. მოგეხსენებათ დღეს ეს სულ უფრო მოთხოვნადი ხდება", — ამბობს გიორგი ასლანიშვილი.
გიორგის თქმით, ამ ეტაპზე უკვე გამართულია საგადახდო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება რამდენიმე მიკროსაფინანსოში თანხების გადარიცხვა, ასევე, სისტემებში ჩართულია ონლაინ მარკეტები.
EasyPay-ის საქართველოს ეროვნული ბანკისგან პროვაიდერის ლიცენზიის მოპოვება არ გაუჭირდა და არც აქსელერაციის პროგრამებმა დააყოვნა. გიორგი და მისი გუნდი მალევე Impact Hub Tbilisi-ის აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთვნენ.
გიორგისთან იმაზეც ვისაუბრეთ, თუ როგორ ხდება მათი მომსახურებით სარგებლობა და რამდენად მარტივია ეს მომხმარებლისთვის.
"EasyPay-ის მომსახურებით სარგებლობა მარტივია, ერთი მხრივ, მომხმარებელი შედის საიტზე easypay.ge, სადაც ეძებს თავისთვის სასურველ მომსახურებას და იხდის. მეორე მხრივ, კომპანიას, რომელსაც ესაჭიროება გადახდების დამატება თავის საიტზე, მოთხოვნის შემდეგ API-ის მეშვეობით მარტივი პროცედურით ვამატებთ საგადახდო სისტემაში", — ამბობს გიორგი.
EasyPay იმითაც არის გამორჩეული, რომ საწყის ეტაპზე სისტემაში ისეთ ობიექტებს რთავს, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ ონლაინ გადახდებთან შეხება. ასევე, კომპანიის სისტემაში ჩართვა ონლაინ მარკეტებისთვისაც მარტივია.
გიორგისთან Easypay-ის სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. გიორგის გეგმებში პლატფორმის გაფართოებაა, კერძოდ იმ მომსახურების, რომელსაც ამ ეტაპზე პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს.
"სტანდარტულ გადახდებთან ერთად, ვაპირებთ დავამატოთ ელექტრონული საფულე და საერთაშორისო გადარიცხვები. ამ ეტაპზე ძირითადად ორიენტირებულები ვართ პროდუქტის განვითარებაზე და ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე, თუმცა მომავალში საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც ვგეგმავთ", — მიყვება გიორგი ასლანიშვილი.
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები