მეცნიერებმა მფრინავი დინოზავრი აღმოაჩინეს, რომელსაც განცალკევებული ცერა თითები ჰქონდა
მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ მფრინავი დინოზავრების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ჩინეთში იურულ პერიოდში ბინადრობდა. ამ აღმოჩენას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ის ხდის, რომ დინოზავრს ზედა კიდურებზე განცალკევებული ცერები თითები ჰქონდა.
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდის განცხადებით, Kunpengopterus antipollicatus, რომელსაც მათ ზედმეტსახელად მაიმუნდაქტილი უწოდეს, ჩინეთის ტყის ეკოსისტემებში 160 მილიონი წლის წინ ბინადრობდა (antipollicatus ბერძნულად ცერებიანს ნიშნავს). გუნდის მოხსენება ორშაბათს, 12 აპრილს ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
კვლევის მიხედვით, ეს სახეობა პტეროზავრების რიგს მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ, დღევანდელი მონაცემებით, პტეროზავრები პირველი ხერხემლიანები იყვნენ, რომლებსაც ფრენა შეეძლოთ, ხეზე მობინადრე პტეროზავრები კი დინოზავრების უძველეს სახეობებს წარმოადგენენ, რომლებსაც ზედა კიდურებზე ნამდვილი განცალკევებული ცერები გააჩნდათ.
ყველაფერთან ერთად, ეს აღმოჩენა ინფორმაციას გვაწვდის დედამიწის ისტორიაში პირველი განცალკევებული ცერების შესახებ.
მეცნიერებმა მაიმუნდაქტილის ნამარხს ჩინეთში, ლიაონინის ტიაოჟანის ფორმაციაში 2019 წლის სექტემბერში მიაკვლიეს. მიკრო კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით მათ დაწვრილებით შეისწავლეს დინოზავრის ანატომიური მახასიათებლები და აღმოაჩინეს, რომ მას ზედა კიდურებზე განცალკევებული ცერი ჰქონდა.
"მიკრო კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, ნამარხის კარგად შესწავლა და მისი ციფრული მოდელის შექმნა შევძელით. მოდელის საფუძველზე კი გავიგეთ, თუ როგორ უკავშირდება განცალკევებული ცერი კიდურის დანარჩენ ნაწილებს", — აღნიშნა თავის განცხადებაში კვლევის მთავარმა ავტორმა, ფაიონ ვაისამ მამ. "ამ აღმოჩენას განსაკუთრებით საინტერესოს ის ხდის, რომ იგი პირველი ნამდვილი განცალკევებული ცერების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. გარდა ამისა, მაიმუნდაქტილი პტეროზავრებს მიეკუთვნება, რომლებსაც, როგორც აქამდე გვეგონა, საერთოდ არ ჰქონდათ განცალკევებული ცერები".
განცალკევებული ცერები, ზოგადად, რეპტილიებში იშვიათად გვხვდება. ისინი უფრო მეტად ძუძუმწოვრებისთვისაა დამახასიათებელი.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ დარვინოპტერანის ტიპის მაიმუნდაქტილი ცერებს ხეებზე ასაცოცებლად და მოსაჭიდებლად იყენებდა. იმ კომპლექსურ ტყის ჰაბიტატში, რომელში ერთმანეთთან მონათესავე არაერთი სახეობა ბინადრობდა, სხვადასხვა ნიშებთან გადიოდნენ ადაპტაციას — ამის ერთ-ერთ მაგალითს კი სწორედ განცალკევებული ცერები წარმოადგენს.
"დერვინოპტერები პტეროზავრებს მიეკუთვნებიან და ისინი იურულ პერიოდში ჩინეთსა და ევროპაში ბინადრობდნენ. ამ არსებებს ეს სახელი დარვინის პატივსაცემად უწოდეს, რადგან უნიკალური გარდამავალი ანატომია ნათლად წარმოაჩენს, თუ რა გავლენას ახდენდა ევოლუცია მათზე", — განმარტავს კვლევის თანაავტორი, როდრიგო პეგასი. "ადრე დარვინოპტერი იპოვეს, რომელიც ორ კვერცხთან ერთად იყო განამარხებული, რაც მათი გამრავლების შესახებ იძლევა გარკვეულ ინფორმაციას. ამ მიზეზით ისინი ყოველთვის მიიჩნეოდნენ ინფორმაციის ძვირფას წყაროდ და შთამბეჭდავია, თუ როგორ გვაოცებენ დღემდე ეს არსებები".
კომენტარები