პატარა უფლისწულის ასტეროიდი, რომელიც ნენსი ვოლანდმა სამხატვრო სტუდიად აქცია
იასამნისფერისა და ლურჯის ჯადოსნური ტონალობები, ვარსკვლავები, პლანეტები, დედამიწაზე წამოსკუპებული მელია — ეს პატარა უფლისწულის მშობლიური ასტეროიდი B612-ია, რომელიც მხატვარმა ნენსი ვოლანდმა სამხატვრო სტუდიად აქცია. ეს ჯადოსნური ადგილი მის დამაარსებელთან ერთად ფანტაზიისა და ფერების სამყაროში მოგზაურობას 13 აპრილიდან შეუდგება.
ჯადოსნური ასტეროიდ-სტუდიის გახსნამდე მხატვარმა ნენსი ვოლანდმა დიდი გზა გაიარა. ხატვა ბავშვობიდან შეუყვარდა, რაც, მისი თქმით, მხატვარი ბაბუის დამსახურება იყო. სტუდენტობისას საყვარელ საქმიანობასთან განშორება მოუწია, რადგან სხვები ურჩევდნენ, რომ უფრო პრაქტიკული პროფესია აერჩია, თუმცა ბავშვობის ოცნებას მალევე დაუბრუნდა.
"ბავშვობიდან მინდოდა, მხატვარი ვყოფილიყავი. ხშირად წარმოვიდგენდი ჩემს სახელოსნოს, სადაც დროის გასვლასაც ვერ ვიგრძნობდი. საბოლოოდ მაინც გავაგრძელე ჩემი ოცნებისკენ და მიზნისკენ სწრაფვა: უნივერსიტეტიდან წამოვედი, სადაც ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობდი და სამხატვრო აკადემიაში გადავედი, სადაც მეგონა რომ საკუთარ თავს ვიპოვიდი, თუმცა, მალევე მივხვდი რომ ეს მხოლოდ მე შემიძლია. დიდხნიანი შრომის, პრაქტიკის შემდეგ, რომლისგანაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მივაღწიე მიზანს".
ნენსის მრავალფეროვან შემოქმედებას უამრავი ადამიანი იცნობს. ნენსი საკუთარ ფანტაზიას ნებისმიერ ზედაპირზე ნებისმიერი საღებავით აცოცხლებს. პირველი ნამუშევარი ტილოზე შეასრულა და ხალხისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ამის შემდეგ პერსონალური გვერდი — Nancy's ⋆ Nancy Woland შექმნა და მაისურებზე დაიწყო ხატვა. ხელოვნების მოყვარულთა დაინტერესების შემდეგ, გადაწყვიტა, საკუთარი ნახატების რეპროდუქციებიც შეექმნა. დღეს ნენსის ნახატებს უამრავ საინტერესო ნივთზე ნახავთ: ჩანთებზე, პირბადეებზე, ჭიქებზე, ბალიშებზე, ბლოკნოტებსა და ფოთლებზეც კი.
"2014 წელს შემოდგომის ფოთლებზე დავიწყე ხატვა. შემოდგომა ჩემთვის განსაკუთრებული სეზონია, შემოდგომას მაქვს დაბადების დღე და მგონია რომ ზუსტად იმ დროს დავიბადე, როცა თავს განსაკუთრებულად კარგად ვგრძნობ. პარკში სეირნობისას ლამაზი ფოთოლი ვიპოვე, იდეალურად სწორი ზედაპირი ჰქონდა და რადგან აქამდე ძალიან ბევრ ზედაპირზე მქონდა უკვე დახატული, გადავწყვიტე ეგეც მეცადა. არ მქონია იმის ამბიცია, რომ ვინმეს შეძენაც მოუნდებოდა, თუმცა დიდი დაინტერესების შემდეგ, ჩარჩოც მოვუფიქრე, ისეთი რომელშიც ფოთოლი სამუდამოდ შეინახება. საკმაოდ წარმატებული გახდა ჩემი ეს პატარა პროექტი და დღემდე, ძალიან ბევრი ადიანისთვის შემოდგომის ფოთლებთან ვასოცირდები".
მრავალფეროვანი გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა, საკუთარი ცოდნა სხვებისთვისაც გაეზიარებინა.
"გვერდზე ხშირად მომდიოდა წერილები, რომ უნდათ, ხატვაში მოვამზადო. აქამდე მქონდა გამოცდილება მხოლოდ ერთხელ და გაამართლა. საბოლოოდ მივხვდი, რომ თუ მე ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას სხვას ვუწილადებ, შეიძლება ის რთული საკუთარ თავში გამორკვევის გზა ავარიდო და ბავშვობიდანვე ვასწავლო რომ უნდა იყვნენ თავისუფლები, მხოლოდ ის აკეთონ და ხატონ, რაც გულით უნდათ და არავის მოუსმინონ".
ასე გაჩნდა სამხატვრო სტუდია B612-ის შექმნის იდეა. სტუდიაში ჯერჯერობით სწავლა მხოლოდ 6-13 წლის ბავშვებს შეუძლიათ. სტუდია ნენსიმ თანამშრომელთან — თაკო ელაშვილთან ერთად გახსნა, რომელსაც ხატვაში აკადემიური განათლება აქვს მიღებული.
ნენსის თქმით, სტუდია კლასიკური პროგრამით არ შემოიფარგლება. მოსწავლეები მხატვრისთვის საჭირო ყველა ტექნიკას შეისწავლიან, თუმცა მასწავლებლები მათ თავისუფლებასა და სილაღეს ხელს არ შეუშლიან.
ნენსიმ ისიც გაგვიმხილა, თუ რატომ აირჩია სამხატვრო სტუდიის თემად პატარა უფლისწული:
"ჩვენს სტუდიას ბ612 ქვია - პატარა უფლისწულის ასტეროდის სახელი, რადგან მთელი სტუდიაც მის იდეოლოგიას ატარებს. 'მხოლოდ გულით ხედავენ კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან' — ეს ეპიზოდი ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენი სტუდიის არსს. მინდა რომ ადამიანის წარმოსახვის უნარზე და მის განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებულები".
ნენსი ვოლანდის სამხატვრო სტუდია მშვენიერი ადგილია იმ პატარებისთვის, რომელთაც ლაღად ხატვა, თავისუფლება და ფანტაზიორობა უყვართ: B612-ში მახრჩობელა გველი, რომელსაც სპილო ჰყავს გადაყლაპული მოსაწყენი ქუდი არავის ჰგონია.
კომენტარები