10 უდიდესი კითხვა, რომელზე პასუხსაც მეცნიერები ეძებენ
ადამიანს ოდითგანვე უჩნდებოდა შეკითხვები და მასზე პასუხების მიღებას ცდილობდა. დროთა განმავლობაში, ბევრი რამე გავიგეთ. ოდესღაც ის აუხსნელი და გაუგებარი მოვლენები, რაც წარსულის უდიდეს მოაზროვნეებსაც არ ესმოდათ, დღეს სკოლის მოსწავლეებმა იციან.
ეს ყველაფერი მეცნიერებით მოხდა. მეცნიერების ხარჯზე სამყაროზე უამრავი რამე შევიტყვეთ, მაგრამ მისი მაგიაც იმაშია, რომ პასუხებთან ერთად, მეცნიერება ახალ, უფრო კომპლექსურ შეკითხვებსაც აჩენს. დიახ, აჩენს და როგორც წესი, შემდგომში მას თავადვე პასუხობს.
ამ სტატიაში 10 ისეთ უმნიშვნელოვანეს შეკითხვაზე მოგიყვებით, რომელიც თანამედროვე მეცნიერებას ძალიან აინტერესებს.
რისგან შედგება სამყარო?
რისგან უნდა შედგებოდეს — ატომებისგან, იფიქრებს ბევრი თქვენგანი, მაგრამ ნუ იჩქარებთ! როდესაც საუბარია, იმაზე თუ რისგან შედგება სამყარო, თანამედროვე მეცნიერები უხერხულ ამოცანას აწყდებიან. დიახ, მათ არ იციან თუ რისგან შედგება სამყაროს 95 პროცენტი. ხსენებული ატომები, რისგანაც შევდგებით ჩვენ, ჩვენი პლანეტა, ვარსკვლავები და ყველაფერი რისი დანახვაც შესაძლებელია, დაახლოებით. 5 პროცენტია.
დანარჩენ 95 პროცენტს ჩვენ ბნელი მატერია და ბნელი ენერგია ვუწოდეთ. ბნელ მატერიაზე საუბარი პირველად მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაიწყეს. ბნელი მატერია სამყაროს დაახლოებით 27 პროცენტს იკავებს და ეს უხილავი სუბსტანცია გალაქტიკებისა და სამყაროს უდიდესი სტრუქტურების ფორმირებას ახდენს. ის ჩვეულებრივი მატერიის ნაწილაკებს ერთმანეთისკენ იზიდავს.
რაც შეეხება ბნელი ენერგიას, ის ბნელი მატერიის "საპირისპიროა" და სამყაროს გაფართოებისკენ უბიძგებს. ბნელ ენერგია სამყაროს დაახლოებით 68 პროცენტია.
როგორ დაიწყო სიცოცხლე?
ოთხი მილიარდი წლის წინ დაიწყო პროცესი, რომელიც საბოლოოდ აქამდე მოვიდა — რამდენიმე მარტივი ქიმიური ნივთიერება გაერთიანდა და შეიქმნა ბიოლოგია. შედეგად გამოჩნდა პირველი მოლეკულები, რომლებსაც რეპლიკაციის უნარი გააჩნდათ. ევოლუცია ადამიანებს ამ ადრეულ მოლეკულებთან გვაკავშირებს. თუმცა, ზუსტად როგორ დაიწყო ეს პროცესი, კვლავ არ ვიცით.
ასევე, არის დარჩენილი შეკითხვები იმაზე თუ როგორ გაჩნდა პირველი დნმ, როგორი იყო პირველი უჯრედები. ამ შეკითხვებზე გარკვეული თეორიები გვაქვს, მაგრამ მეცნიერება საბოლოო შეჯერებამდე ჯერ მაინც ვერ მიდის.
სამყაროში მარტონი ვართ?
ჰო, ეს შეკითხვა ყველას გვაწუხებს და მეცნიერება მასზე პასუხებს გამალებით ეძებს. დედამიწის სიცოცხლე წყალთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ასტრონომები ყველგან წყლის კვალს და მასში სიცოცხლის ნაპერწკალს ეძებენ. შეიძლება სიცოცხლის ფორმები ჩვენ მზის სისტემაშიც ვიპოვოთ და თუ ასე მოხდა, დიდი ალბათობით ის პრიმიტიული იქნება. თუმცა, სამყარო ძალიან დიდია და სულაც არ არის გამორიცხული, რომ მილიარდობით მზის სისტემიდან რამდენიმეში მაინც იყოს ისეთი კომპლექსური სიცოცხლე, რომელთან კომუნიკაციასაც შევძლებთ.
ასეთი "კომუნიკაციისთვის" კი, სპეციალურ ტელესკოპებს ვიყენებთ, რომლებიც შორეული სამყაროებიდან წამოსულ სიგნალებს აფიქსირებენ. იყო რამდენიმე ისეთი შემთხვევა, როდესაც მეცნიერებს ეგონათ, რომ უცხო ცივილიზაციისგან წამოსული სიგნალი დაიჭირეს, თუმცა, ისინი არ დადასტურდა.
მიუხედავად ამისა, მეცნიერება წინ მიიწევს, მასთან ერთად ტექნოლოგიებიც და რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ ეგზოპლანეტას ვაფიქსირებთ. რთულია ზუსტად თქმა, თუმცა, შეკითხვას, ვართ თუ არ მარტო ამ სამყაროში, შეიძლება მალე პასუხი გაეცეს.
რა არის ცნობიერება?
კი, ჩვენ გვაქვს ცნობიერი, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიცით, თუ რა არის ის. ჩვენ ვიცით, რომ ეს ტვინის სხვადასხვა რეგიონებთან არის დაკავშირებული და არა ერთ კონკრეტულ ნაწილთან. ფიქრობენ, რომ თუ ჩვენ ტვინს უკეთ შევისწავლით და ზუსტად გავერკვევით, თუ რომელი ნაწილაკი რაზეა პასუხისმგებელი, ცნობიერების ხელოვნურად წარმოქმნაც შეგვეძლება. ეს კი ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხრივ ყველაფერს თავდაყირა დააყენებს.
ამასთან, არსებობს უმარავი ფილოსოფიური შეკითხვაც, თუ რა არის საერთოდ ცნობერი. ყველაზე რეალური ვერსიით, ინფორმაციის ინტეგრირებით და დამუშავებით, აგრეთვე ფოკუსირებით და დაბლოკვით ხდება რეალურის არარეალურისგან გარჩევა. ეს ცოცხალი არსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა და სწორედ აქედან მივიღეთ ის, რასაც ახლა ჩვენ ცნობიერებას ვეძახით. თუმცა, ეს ყველაფერი მაინც თეორიებია და ზუსტი პასუხები, ალბათ, ტვინის უკეთ შესწავლის შემდეგ გვეცოდინება.
კომპიუტერების განვითარება უსასრულოდ გაგრძელდება?
ეს შეკითხვა ყველას აქვს. სულ რამდენიმე წელიწადში კომპიუტერებმა ჩვენი სამყარო მთლიანად შეცვალეს, რა მოხდება საუკუნეების შემდეგ? ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელდება?
ჩვენი ტაბლეტები და სმარტფონები არის მინი კომპიუტერები, რომლებიც ბევრად უფრო მძლავრები არიან, ვიდრე ის კომპიუტერი, რომელმაც 1969 წელს ადამიანი მთვარეზე დასვა. ეს კომფორტულია, მაგრამ შევძლებთ ამ პროცესის უსასრულოდ გაგრძელებას?
ამაზე დამაიმედებელი პასუხი გვაქვს, დღეს ძალიან აქტიურად მუშავდება კვანტური კომპიუტერები. ეს კომპიუტერების შესაძლებლობებს დრამატულად გაზრდის, მაგრამ ზუსტად როგორი იქნება და როდის იქნება ასეთი მომავალი, ჯერ მაინც არ ვიცით.
როდის გვეყოლება ნამდვილი რობოტი მეგობრები?
ჰო, ეს ის შეკითხვაა რაზეც ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო აქვს პასუხი, ვიდრე მეცნიერებას. ჩვენ გვყავს რობოტები, რომლებიც უამრავ რამეში გვეხმარებიან, იქნება ეს სახლის დალაგება, პროდუქტების შეძენა, თუ სხვა მომსახურების მიღება. მეტიც, მათთან საუბარიც შეგვიძლია, მაგრამ ეს მაინც არ არის ის, რასაც ნამდვილ მეგობარს დავუძახებდით.
იმისთვის, რომ რობოტებს ცნობიერი გაუჩნდეთ, ზემოთ ხსენებული ცნობიერების და კვანტური კომპიუტერების უფრო კომპლექსურად შესწავლა დაგვჭირდება. თუმცა, როგორი შეიძლება იყოს რობოტი, რომელსაც ცნობიერი ექნება? ამის თქმა ძალიან რთულია. ან საერთოდ, ასეთ რობოტს კიდევ რობოტს დავუძახებთ?
რა ხდება შავ ხვრელში?
ეს ის შეკითხვაა, რაზეც პასუხს ჯერ ნამდვილად ვერ ვიტყვით. ამის არც ტექნოლოგიები გვაქვს და წარმოდგენაც კი გვიჭირს, თუ რა სახის ტექნოლოგიები გვჭირდება ამისთვის.
აინშტაინის ზოგადი ფარდობითობა ამბობს, რომ როდესაც შავი ხვრელი კოლაფსირებული მასიური ვარსკვლავისგან წარმოიქმნება, ის სივრცეს ამრუდებს, "ხევს" კიდევაც, მის ცენტრში კი უსასრულოდ პატარა, უსასრულოდ მკვრივ წერტილს ვიღებთ, რომელსაც სინგულარობა ეწოდება.
შავი ხვრელის გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ მისგან სინათლეც ვერ აღწევს, აღარაფერს ვამბობთ მატერიაზე, რომელსაც შავი ხვრელი ნაწილაკებად დაშლის. შავი ხვრელის კოლოსალური გრავიტაციის გამო, მის ჰორიზონტზე და მასში დრო საერთოდ სხვანაირად მიედინება.
ერთი სიტყვით, ის თუ რა ხდება შავი ხვრელის ცენტრში, შეიძლება ის შეკითხვა იყოს, რაზეც ადამიანი ზუსტ პასუხს ვერასდროს მიიღებს.
დროში მოგზაურობა შესაძლებელია?
როდესაც საუბარია დროში მოგზაურობაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ დრო უნივერსალური არ არის და ის ფარდობითია. ეს ნიშნავს, რომ მისი მსვლელობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ვიმყოფებით და რა სიჩქარით ვმოძრაობთ. დროში მოგზაურები ჩვენ უკვე გვყავს. კოსმოსში მყოფი კოსმონავტებისთვის დრო უფრო ჩქარა გადის, ვიდრე ეს ჩვენთვის, დედამიწაზე მყოფთათვის. მიზეზი გრავიტაციაშია. თუმცა, ეს კონკრეტული დროში განსხვავება წამის მემილიონედებშია და ყოველდღიურობაში მას ვერ ვგრძნობთ.
სხვა საკითხია ხსენებული შავი ხვრელები. ფარდობითობის თეორიის თანახმად, დრო და სივრცე ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. რაც უფრო დიდია გრავიტაცია, მით ნელა გადის დრო. იმ შემთხვევაში, თუ კოსმოსური ხომალდი შავი ხვრელის ჰორიზონტთან განთავსდება, ხომალდში მყოფი ადამიანები ბევრად უფრო ნელა "დაბერდებიან", ვიდრე დედამიწაზე დარჩენილები.
მომავალში მოგზაურობა თითქოს გასაგებია, მაგრამ მეორე საკითხია წარსულში მოხვედრა. რაც ბევრად უფრო რთულ ოპერაციებს მოითხოვს. სირთულეებთან ერთად, არის უამრავი პარადოქსი, რაც ბევრისთვის წარსულში მოგზაურობას საერთოდ გამორიცხავს. თუმცა, დაზუსტებით არც გამორიცხვა და არც დაშვება შეგვიძლია.
ამიტომ ეს ის შეკითხვაა, რაზეც პასუხი თანამედროვე მეცნიერებს ძალიან აინტერესებთ. მასზე მიღებული პასუხებით ჩვენ შეიძლება დროის დამორჩილება შევძლოთ.
როგორ გადარჩა მატერია?
გარკვეული ლოგიკით აქ საერთოდ არ უნდა ვიყოთ. ოღონდ არა მარტო ჩვენ, საუბარია საერთოდ მატერიაზე.
ყველაფერი რისგანაც ჩვენ შევდგებით იწარმოება მატერიისგან, რომელსაც ჰყავს "მეწყვილე" — ანტიმატერია. ანტიმატერიას მატერიის საპირისპირო მუხტი აქვს და ისინი ერთმანეთის ანიჰილაციას იწვევენ.
ის თეორიები, რაც მეცნიერებს აქვთ, მიანიშნებენ, რომ დიდი აფეთქების შემდეგ, თანაბარი მატერია და ანტიმატერია უნდა გაჩენილიყო. ეს ნიშნავს, რომ მატერია და ანტიმატერია ერთმანეთს გაანადგურებდნენ და დღეს ისინი არ იარსებებდნენ. თუმცა, მეცნიერების გასაკვირად, როგორღაც ისე მოხდა, რომ მატერია, ის რისგანაც ყველფერი შედგება, გადარჩა, ხოლო ანტიმატერიის მოპოვება წარმოუდგენლად რთულია.
რატომ გაქრა ანტიმატერია და როგორ გადარჩა მატერია? ეს ის შეკითხვაა, რაზეც ჩვენ, მატერიისგან შემდგარ არსებებს ჯერ ზუსტი პასუხი არ გვაქვს.
უკვდავების მიღწევა შესაძლებელია?
ადამიანი უკვდავებაზე ოდითგანვე ფიქრობდა, მაგრამ მასთან ასე ახლოს აქამდე არასდროს ყოფილა. დღეს მეცნიერები დაბერების პროცესს არა როგორც ცხოვრების ნაწილს, არამედ, როგორც დაავადებას ისე უყურებენ. დაავადებას კი განკურნება სჭირდება.
ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ რა იწვევს დაბერებას, რატომ ცხოვრობს ზოგიერთი ცხოველი სხვებზე მეტხანს, ყოველდღიურად იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ დაბერებაზე ყველაფერი არ ვიცით, ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ დნმ-ს, მეტაბოლიზმს, სიბერეს და პროცესებს, რაც მას იწვევს.
ამას ემატება სხვადსხვა თეორიები თუ სპეკულაციები ადამიანის გაციფრულებაზე და ასე სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. ზუსტად არავინ იცის, როდის ან როგორ შევძლებთ უკვდავების მიღწევას, ან საერთოდ შევძლებთ თუ არა ამას.
ამასთან, დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით კომფორტული და ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი უსასრულოდ გახანგრძლივება.
კომენტარები