იუპიტერის "პოლარულ ციალზე" უჩვეულო რამ დააფიქსირეს
მეცნიერებმა იუპიტერის ჩრდილოეთით პოლარული ციალი დააფიქსირეს, რომელიც უჩვეულოდ გამოიყურებოდა — ნათება მზარდ კვამლის რგოლებს მოგაგონებდათ. მოვლენა NASA-ს Juno კოსმოსურმა ხომალდმა დააფიქსირა.
ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Geophysical Research: Space Physics-ში გამოქვეყნდა, აღწერილია სუსტი, რგოლების ფორმის ციალი იუპიტერის ჩრდილო პოლუსზე. მათგან ყველაზე დიდის დიამეტრი დაახლოებით 2 000 კილომეტრია. სწრაფად მზარდი რგოლები, ან "წრიული ფორმის მზარდი ულტრაიისფერი გამოსხივებები", როგორც მას მკვკევრევბი უწოდებენ, დაახლოებით 3.3-7.7 კმ/წმ სიჩქარით ფართოვდებოდნენ.
დედამიწის მსგავსად, იუპიტერზეც პოლარულ ნათებას იწვევს მზიდან მომავალი დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედება მაგნიტურ ველთან, რომელიც პლანეტას არტყამს გარს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლადშემჩნეული სუსტი ულტრაიისფერი გამოსხივების წყარო იუპიტერიდან მილიონობით კილომეტრის დაშორებით მდებარე პლანეტებია, რომლებიც მზის სისტემაში გაზის გიგანტის მიღმა მდებარეობენ", — ამბობს თავის განცხადებაში ვინსენტ ჰიუ, კვლევის მთავარი ავტორი და პლანეტარული მეცნიერი საუთვესტის კვლევითი ინსტიტუტიდან (SWRI). "მზის ქარი წარმოადგენს მძლავრ ნაკადს დამუხტული ნაწილაკებისა, რომლებიც მზიდან მთელ კოსმოსში გაიფრქვევა. როდესაც ეს ნაწილაკები იუპიტერს მიაღწევენ, ისინი ურთიერთქმედებენ მაგნეტოსფეროსთან იმ გზით, რომელიც ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა".
იუპიტერის მაგნეტოსფერო, რომელიც დედამიწის მაგნეტოსფეროსთან შედარებით 20 000-ჯერ უფრო მძლავრია, იმდენად ძლიერია, რომ გაზის გიგანტს შეუძლია მიმართულება შეუცვალოს მზის ქარს 3-5 მილიონი კილომეტრის დაშორებითაც კი.
პლანეტის შესახებ ინფორმაციის დიდი ნაწილის მოპოვება მეცნიერებმა ჰაბლის ტელესკოპის საშუალებით შეძლეს, თუმცა, NASA-ს Juno კოსმოსური ხომალდი უფრო დეტალური დაკვირვებების ჩატარების საშუალებას იძლევა გაზის გიგანტზე და ის იუპიტერის გარშემო 2016 წლიდან ბრუნავს. იგი აღჭურვილია ულტრაიისფერი სპექტროგრაფით. სწრაფად მზარდი ულტრაიისფერი წრეები, რომლებიც მეცნიერებს აქამდე არასდროს უნახავთ, სწორედ Juno-მ დააფიქსირა.
იუპიტერის ჩრდილოეთის დამუხტული ნაწილაკები, როგორც ჩანს, მაგნეტოსფეროს გარედან ანათებენ. ბერტრანდ ბონფონდმა, კვლევის თანაავტორმა და ასტროფიზიკოსმა ბელგიის ლიეჟის უნივერსიტეტიდან, SWRI რელიზში განმარტა, რომ "წრეების მაღალ განედებზე განლაგება იმაზე მიანიშნებს, რომ ნათების გამომწვევი ნაწილაკების წყარო იუპიტერის მიღმა მდებარე მზის სისტემის პლანეტის (სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი) მაგნეტოსფეროა, რომელიც მზის ქართან ურთიერთქმედებს".
ტალღის მსგავსი მახასიათებლების ფორმირება კევინ-ჰემჰოლცის არასტაბილურობების სახელითაა ცნობილი. მათი ფორმირების მიზეზი, შესაძლოა, იუპიტერის მიღმა, მზის სისტემაში არსბეული პლაზმისა და მზის ქარის ურთიერთქმედებაც გახდეს. SWRI-ის განცხადების მიხედვით, ამ რეაქციების შედეგად წარმოქმნილი სხივები მაგნიტური ველის გასწვრივ ვრცელდებიან, რაც სწორედ წრიული ნათების ჩამოყალიბებას იწვევს.
ავტორები მოხსენებაში ამ აღმოჩენის შესახებ ზუსტ დასკვნებს არ აკეთებენ. ნათების მიზეზის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
კარგი ისაა, რომ NASA-მ Juno-ს მისია 2025 წლამდე გააგრძელა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტარულ მეცნიერებს ამ პლანეტის და მისი საოცარი პოლარული ნათების შესასწავლად მეტი დრო ექნებათ.
კომენტარები