მთავრობის წარმომადგენლების თქმით, სამხედროები UFO-ს შესახებ ინფორმაციას მალავენ
"ზოგიერთი სამთავრობო სააგენტო ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ინფორმაციას ბოლომდე არ ასაჯაროებს." — ნათქვამია ჟურნალ Politico-ს სტატიაში, რომელიც რამდენიმე ახლანდელ და ყოფილ სამთავრობო მაღალჩინოსანს ეყრდნობა.
ჯერ კიდევ 2017 წელს, გაჩნდა ინფორმაცია პენტაგონის საიდუმლო პროგრამის შესახებ, რომელსაც სამხედრო საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფენომენი უნდა შეესწავლა. შედეგად, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უცნაური ობიექტები ჩანდა.
თუმცა, ზოგიერთი მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ეს გასაჯაროებული მასალა არ არის სრული და კონკრეტული სამთავრობო სააგენტოები გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ.
"ინფორმაციის მიმართ ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოების სხვადასხვა ბიუროკრატიის გამო, თავისთავად გართულებულია. ამასთან, მე ვიცი, რომ კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომა კვლავ არ არსებობს და მას საჰაერო ძალები ინახავენ." — განუცხადა Politico-ს პენტაგონის დაზვერვის ყოფილმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტოფერ მელონმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, Politico პენტაგონის ოფიციალურ წარმომადგენლებს დაუკავშირდა, თუმცა, მათგან კომენტარზე უარი მიიღო.
Politico-ს თქმით, სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ამ თემას იკვლევს, კონგრესისთვის ინფორმაციის წარდგენის აუცილებლობა აკისრია. თუმცა, სავარაუდოა, რომ კონგრესისთვის მოხსენების წარდგენა გადაიდება. ეს კი შეკითხვებს აჩენს.
"ინფორმაცია სრულად უნდა მოგვეწოდოს. აუცილებელია ვიცოდეთ რა ინფორმაციაზეა საუბარი. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ყველაფერს ახლა ისე სერიოზულად აღვიქვამთ, როგორც არასდროს." — განუცხადა Fox News-ს სენატორმა მარკო რობიომ.
კომენტარები